გიორგი ონიანის საქმე

პროკურატურა ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

"თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდება მოითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს საფრთხეები იმისა, გ. ონიანმა ხელი შეუშალოს გამოძიებას და მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი ონიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაო მან 20 დღეში უნდა გადაიხადოს.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვდა. ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა.

კომენტარები