მავთულხლართების მონტაჟი

პრეზიდენტი: მხოლოდ ის გვსურს, რუსეთმა პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"სტრატეგიული მოთმინების კურსით ჩვენ მივალთ იმ მომენტამდე, როცა რუსეთის ფედერაციასთან შედგება ძალიან მშვიდი, რაციონალური საუბარი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სოფელ ატოციდან ჩართვისას განაცხადა. მოამბის წამყვანმა მას მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლების პირობებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ჰკითხა. 

"ჩემი პასუხი არის იგივე -  ნებისმიერ დიპლომატიურ ქმედებას სჭირდება გაანალიზება, ნებისმიერ დიპლომატიურ შეხვედრას სჭირდება მომზადება, ნებისმიერ დიპლომატიურ ურთიერთობას სჭირდება ძალიან მშვიდი და რაციონალური ფონი. სტრატეგიული მოთმინების კურსით ჩვენ მივალთ იმ მომენტამდე, როცა დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან ერთად, რუსეთის ფედერაციასთან შედგება ძალიან მშვიდი, რაციონალური საუბარი იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვით რუსეთში არც ერთი პრობლემა არ წყდება, პირიქით, მშვიდი, დაწყნარებული, სტაბილური საქართველო არის რუსეთთან კეთილმეზობლობის მოსურნე. ჩვენ ერთადერთი რამე გვსურს -  რუსეთმა პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, გამთლიანებული, მშვიდი საქართველო იქნება მხოლოდ ინტერესის სფერო რუსეთის ფედერაციისთვის და ბევრი შესაძლებლობის მიმცემი მისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი სოფელ ატოცში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. პრეზიდენტთან ერთად, სოფელში ჩავიდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ატოცში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს. მავთულხლართს მიღმა რჩება მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 თებერვალს გიორგი მარგველაშვილთან შეხვდრის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის პუტინის რეპლიკას "ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს".

კომენტარები