ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა პატიმრობა 6 წლის ვადით, თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.

სასამართლომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით წაყენებულ ბრალდებაში. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რასაც ახლავს დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, დანაშაული კი ჩადენილია ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

კომენტარები