კატალონია

კატალონიის დამოუკიდებლობის პერსპექტივა

გიორგი თაბაგარი
0 კომენტარი

ევროპის ისტორიაში 2014 წელი შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებით გახდეს გამორჩეული. ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, სეცესიის საფრთხის წინაშე დგანან. შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება, სადაც ადგილობრივებს მიეცემათ საშუალება გაერთიანებული სამეფოს დატოვების თაობაზე თავიანთი პოზიცია გამოხატონ.

უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალური მთავრობა მხარს უჭერს შოტლანდიის გასვლას გაერთიანებული სამეფოდან. ამის ნათელი დასტურია რეფერენდუმის ფარგლებში მიმდინარე კამპანია. კონსერვატორები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებშიც, გამოყოფის წინააღმდეგ მოქმედებენ. სეცესიის მოწინააღმდეგეთა კამპანიის ფინანსური მხარდაჭერაც ძირითადად სწორედ ლონდონიდან ხდება. ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო წარმომადგენლობებმა აქტიურად დაიწყეს სეცესიის წინააღმდეგ ლობირება. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა ფორმალურად, დევიდ კამერონი დისტანცირებას ახდენს რეფერენდუმისგან.

კატალონიის პრეზიდენტი არტურ მასი
განსხვავებით ბრიტანეთისგან, ესპანეთის ცენტრალური მთავრობა კატალონიის დამოუკიდებლობის თემაზე გაცილებით მწვავედ რეაგირებს. ეკონომიკური კრიზისის ფონზე სეპარატისტული სენტიმენტები კატალონიაში კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაც კატალონიის პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის თარიღის დასახელება მოჰყვა. არტურ მასის განცხადებით, კატალონიურმა პარტიებმა მიაღწიეს შიდა შეთანხმებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და თარიღიც დაასახელეს – 2014 წლის 9 ნოემბერი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატალონიის პარლამენტის 65 პროცენტი უჭერს მხარს, ალბათობა იმისა, რომ რეფერენდუმი დათქმულ დროს გაიმართოს, საკმაოდ მცირეა.

აღსანიშნავია, რომ გარდა ენობრივი და კულტურული განსხვავებულობისა, ეკონომიკური ფაქტორი კატალონიური სეპარატიზმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოტივია. ესპანეთში არსებული რეცესიის ფონზე, კატალონიელებს აღარ სურთ არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ კატალონია ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი საბიუჯეტო შენატანი არაპროპორციულად ნაწილდება, კატალონიის მოსახლეობაში პროტესტის განცდას იწვევს. ბასკეთისგან განსხვავებით, კატალონიელებს ფისკალური ავტონომია არ აქვთ, რაც რეგიონის სწრაფ განვითარებას აფერხებს. აღნიშნული არგუმენტის მომხრეების აზრით, კატალონია მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში მოახერხებს თავისი ფინანსების სრულ კონტროლს.

მაგრამ საკითხი არც ისე მარტივად არის, როგორც შოტლანდიის შემთხვევაში. ესპანეთის ცენტრალური მთავრობა ერთსულოვნად ეწინააღმდეგება რეფერენდუმის იდეას. პრემიერმინისტრი მარიანო რახოი პირობას დებს, რომ რეფერენდუმი არ გაიმართება და იმავე პოზიციას იზიარებენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან მიმართებით, მარიანო რახოის ესპანეთის პარლამენტშიც აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. სოციალისტური პარტია, რომელიც უმთავრეს ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, ასევე ეწინააღმდეგება რეფერენდუმის ჩატარების იდეას.

თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ცხადი გახდება, რომ ესპანეთის მთავრობას სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად აქვს. არსებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა მადრიდისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რაც კატალონიელებს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს კანონის ფარგლებში ვერ ჩაატარებს.

თეორიულად, ესპანეთის ეროვნულ პარლამენტს ნოემბრამდე შეუძლია კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორების შეტანა, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ მადრიდმა თავისივე სურვილით შეუწყოს ხელი ქვეყნის დაშლის პროცესს. მით უმეტეს, რომ კატალონიის გამოყოფის შემთხვევაში სხვა რეგიონებსაც შეიძლება გაუჩნდეთ იმავეს გაკეთების ლეგიტიმური სურვილი. პირველ რიგში, ეს შეეხება ბასკეთს, რომელსაც 2005 წელს უკვე ჰქონდა რეფერენდუმის ჩატარების წარუმატებელი მცდელობა. მაშინ ესპანეთის მთავრობას გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდა და ბასკ ლიდერებს რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრა. დღესაც, ესპანეთის სიდიდით მეოთხე პარტია – კავშირი, პროგრესი და დემოკრატია – ანალოგიური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. პარტიის ლიდერმა როზა დიეს გონსალესმა ოფიციალურადაც კი მიმართა სახალხო პარტიას სადამსჯელო მექანიზმების ხელახლა შემოღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ესპანეთი 17 ავტონომიურ ერთეულს აერთიანებს და კატალონია ერთ-ერთი მათგანია. ამის გათვალისწინებით, ესპანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს რეფერენდუმის ჩატარებას. ასეთ ვითარებაში კატალონიის პრეზიდენტს მეორე ალტერნატივა აქვს. ბრიტანული გამოცემა Economist-ის თანახმად, არტურ მასი 2016 წელს დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებს პლებისციტისთვის გამოიყენებს და ამ გზით შეეცდება დააფიქსიროს კატალონიელების განწყობა დამოუკიდებლობის თაობაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად სტაბილური და მზარდია სეცესიური განწყობები კატალონიელებში.

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი
დღეს არსებული ვითარებით, დამოუკიდებლობას მოსახლეობის დაახლოებით 56 პროცენტი უჭერს მხარს, რაც თავდაჯერების საფუძველს არ იძლევა. თუ გავითვალისწინებთ იმ უარყოფით მხარეებს, რასაც დამოუკიდებელი კატალონია შეიძლება წააწყდეს, გაიზრდება ალბათობა, რომ დამოუკიდებლობის იდეას საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება კატალონიელებს შორის. თუმცა, მეორე მხრივ, ესპანეთის ცენტრალური მთავრობის კატეგორიული წინააღმდეგობა რეფერენდუმის იდეის მიმართ, შესაძლოა, რევერსიული შედეგის მომტანი აღმოჩნდეს და კატალონიაში ნაციონალიზმის კიდევ უფრო მომძლავრებას შეუწყოს ხელი.

წერილი ევროკავშირს

კატალონიის მთავრობას გაცილებით გაუადვილდებოდა მიზნის მიღწევა, პროცესში მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე რომ არ იყოს ევროკავშირის სახით. ის, რომ ესპანეთი (კატალონიის ჩათვლით) მჭიდროდ არის ინტეგრირებული ევროკავშირთან, საკითხს გაცილებით უფრო კომპლექსურს ხდის და შესაძლო სეცესიის პროცესს მნიშვნელოვანწილად ართულებს. უფრო მეტიც, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კატალონიის სტატუსი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფორმით მოუწევს უკვე დამოუკიდებელ კატალონიას ევროკავშირთან ურთიერთობა. ამას კარგად აცნობიერებს კატალონიის პრეზიდენტიც, რომელსაც ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარების იმედი აქვს. სწორედ ამიტომ, არტურ მასმა თხოვნით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ მხარი დაუჭირონ კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ კატალონიის პრეზიდენტმა იდენტური შინაარსის მიმართვა, ევროკავშირის გარდა, 50-მდე სხვა სახელმწიფოს ლიდერსაც გაუგზავნა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც კატალონიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ამცნობს. წერილის თანახმად, რეფერენდუმზე კატალონიელებს ორ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა: „გინდათ თუ არა, რომ კატალონია გახდეს სახელმწიფო?" და დადებითი პასუხის შემთხვევაში – „გინდათ თუ არა, რომ ის იყოს დამოუკიდებელი?". აღსანიშნავია, რომ არტურ მასის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგს არ ექნება სამართლებრივი ძალა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მხარს დაუჭერენ რეგიონის დამოუკიდებლობას, ესპანეთის მთავრობას მოუწევს სეცესიის პროცესზე მოლაპარაკებების დაწყება.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკომისიამ უკვე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება შოტლანდიასა და კატალონიაში დაგეგმილი რეფერენდუმების თაობაზე. პოზიცია კი ხშირ შემთხვევაში არაერთგვაროვანი იყო. ერთი მხრივ, გაკეთდა განცხადება, რომ ნებისმიერ ახლადშექმნილ სახელმწიფოს თავიდან მოუწევდა წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთება. თუმცა მოგვიანებით ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხი უფრო ქვეყნის შიდაპოლიტიკური პრობლემაა და ევროკომისიას არ აქვს ლეგიტიმური უფლება, ქვეყნის შიდა საკითხებში ჩაერიოს. იმის გათვალისწინებით, რომ სეცესიის პრეცედენტი ევროკავშირის შიგნით ჯერ არ დაფიქსირებულა, აღნიშნული საკითხი ღიად არის დატოვებული ლისაბონის ხელშეკრულებაშიც.

კატალონიელებს და შოტლანდიელებსაც, დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ცხადია, სურთ, რომ ავტომატურად გახდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ამის ალბათობა კი არც ისე დიდია. ევროკომისია, როგორც ცალკე აღებული ინსტიტუტი, მანდატის არქონის გამო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების პოლიტიკის დიდ ნაწილს სწორედ იგი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, როცა საქმე მიდგება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ევროპული საბჭო იქნება ის ინსტიტუტი, სადაც 28 წევრი სახელმწიფოს უკლებლივ ყველა ლიდერმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ევროკავშირის გაფართოებას. ასეთ შემთხვევაში, კატალონიის და შოტლანდიის ევროკავშირული პერსპექტივა თითქმის ნულს უტოლდება.
სანამ ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მიღების არსებული მექანიზმი მოქმედებს, ერთი წევრის უარიც საკმარისი საფუძველია, რომ აპლიკანტ სახელმწიფოს გაწევრიანებაზე უარი ეთქვას. ესპანეთი კი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ იგი დაბლოკავს შოტლანდიის განაცხადს ევროკავშირის წევრობის თაობაზე. ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ იგივე მიდგომა გავრცელდება კატალონიის შემთხვევაშიც და, სავარაუდოდ, ეს არ იქნება მხოლოდ ესპანეთის პოზიცია. ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სეცესიის სერიოზული საფრთხე ემუქრებათ, ასევე არ დაუჭერენ მხარს შოტლანდიის და, განსაკუთრებით, კატალონიის დამოუკიდებლობას. მით უმეტეს, რომ მსგავსი პრინციპულობის მაგალითი არაერთი ყოფილა ევროკავშირის არსებობის ისტორიაში. კოსოვოს შემთხვევაშიც კი, რომლის დამოუკიდებლობაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ბრიუსელმა განაპირობა, ევროკავშირის 4 წევრი სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს პრიშტინას დამოუკიდებლობას. მათ შორის, ლოგიკური მიზეზებით, არის ესპანეთიც.

ევროპაში მიმდინარე სეპარატისტულ პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა NATO-მაც, რომლის თანახმადაც, ცალსახაა, რომ სეცესიურ რეგიონებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ავტომატურად მოუწევთ სამხედრო ბლოკის დატოვება. ევროკავშირის მსგავსად, შანსი იმისა, რომ შოტლანდია და კატალონია დამოუკიდებლად შეძლებენ ალიანსში გაწევრიანებას, მიზერულია. სავარაუდოდ, იგივე სცენარი განმეორდება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც გასაწევრიანებლად თითოეული წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება აუცილებელი.

თუმცა, ამ ეტაპზე, კატალონიაში, ევროკავშირთან ინტეგრაციის ხარისხის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობის შენარჩუნებაა. ამას მოწმობს საჯარო გამოკითხვებიც, სადაც დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად ეცემა, როცა საქმე მიდგება დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ევროკავშირის დატოვების ფასად.

უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიურ აკადემიურ წრეებში არაერთი ანალიზი გაკეთდა ევროკავშირთან დამოუკიდებლობის შემდგომი ურთიერთობების თაობაზე და მათი დიდი ნაწილი ემხრობა ე.წ. შიდა გაფართოების პროცესს. აღნიშნული იდეის მომხრეთა არგუმენტი ევროკავშირის „Sui Generis" (განსხვავებული, უნიკალური) ბუნებასთან არის დაკავშირებული და ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებით.

ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, როგორც კატალონია, ასევე შოტლანდიაც, უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირთან, რაც საკმარისი საფუძველი უნდა იყოს გაწევრიანების ახალი პროცესის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევროკომისია შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ევროპულ საბჭოში კი სეცესიურ რეგიონებს მინიმუმ ესპანეთი მხარს არ დაუჭერს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ კატალონიის მთავრობამ ნოემბერში სასურველ მიზანს მიაღწიოს. დამოუკიდებლობის მოპოვება ნებისმიერ ფასად, ცალსახად ირაციონალური ნაბიჯი იქნება, რაც აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს კატალონიის ეკონომიკას. საკმარისი მხარდაჭერით არ სარგებლობს ასევე ესპანეთის ფედერალური მოწყობის იდეა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში შეიძლებოდა მეორე ალტერნატივად განგვეხილა. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, კატალონიის მთავრობას ალბათ ექნება საშუალება მოლაპარაკებები აწარმოოს უფრო მეტ ავტონომიაზე და, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ფისკალურ დამოუკიდებლობას. იმის გათვალისწინებით, თუ რა ალტერნატივები აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ოქროს შუალედად ალბათ სწორედ გაზრდილი ავტონომია შეიძლება ჩაითვალოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები