დავით კეზერაშვილის საქმე

ბერძენიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ ნებისმიერ ქვეყანაში

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საფრანგეთის სასამართლოს უარზე დავით კეზერაშვილის ექსტრადირების შესახებ თქვა, რომ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებისმიერ ქვეყანაში.

"ჩვეულებრივი, ნორმალური ვითარებაა, როცა ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, ეს იქნება საფრანგეთში, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, ხან კმაყოფილდება, ხან ნაწილობრივ კმაყოფილდება, ხან არ კმაყოფილდება მოთხოვნები. ეს ვითარება გვაქვს და ეს ვითარება გვაქვს საქართველოშიც. არ იქნება ბედნიერი ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი, რომ სასამართლომ იმ შემადგენლობით, რაც დაგვიტოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, 26 მაისთან დაკავშირებით შეუფარდა 6 წელი და სწორედ ჩვენს მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონის გამო 4 წელსა და 6 თვემდე ჩამოვიდა. საერთოდ შეკრებითობა რომ დარჩენილიყო, ვანო მერაბიშვილის სასჯელი უკვე ორ ათეულს გადააჭარბებდა. ეს ვითარებაა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ვცემთ პატივს ნებისმიერ ქვეყანაში", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექს-ან პროვანსის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, როცა ის ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა. 2 თებერვალს კი საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოში დავით კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 2 საქმეზე აქვს წაყენებული, რომელთა განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურატურა მას ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

 

კომენტარები