ჩინეთი

ობამას მორიგი უკანდახევა

ამჯერად აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში

2013 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩინეთმა საჰაერო თავდაცვის სპეციალური ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა მხოლოდ ჩინეთის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ იქნება დასაშვები. ეს ზონა მოიცავს ჩინეთის სანაპიროს მიმდებარე სადავო კუნძულებს, მათ შორის, არქიპელაგს, რომელსაც ჩინელები დიაოიუს, იაპონელები კი სენკაკუს უწოდებენ და რომელიც ამჟამად იაპონიის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ არქიპელაგს ორივე ქვეყანა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რაც ამ ორ ყველაზე ძლიერ აზიურ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს წარმოშობს. ჩინეთის ამ ნაბიჯზე რეაქციამ არ დააყოვნა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ აღიარებს ჩინეთის თავდაცვის სპეციალურ ზონას და B-52 ბომბდამშენები წარგზავნა სენკაკუს არქიპელაგის საჰაერო სივრცეში ისე, რომ ჩინელები ამის შესახებ არ გაუფრთხილებია.

ამერიკის ამ ნაბიჯს მოჰყვა იაპონიის მთავრობის განცხადება, რომ არც იგი აღიარებს ჩინეთის „საჰაერო თავდაცვის სპეციალურ ზონას". ამასთან, განსხვავებით იაპონიის და სამხრეთ კორეის მთავრობებისაგან, ობამას ადმინისტრაციამ კომერციულ ავიაკომპანიებს ჩინეთის მოთხოვნების შესრულებისაკენ მოუწოდა. თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ პრობლემა არა თავად საჰაერო თავდაცვის სპეციალური ზონაა, არამედ ის ფორმა, როგორც მოხდა მისი გამოცხადება.

ისტორიული კონტექსტი

სენკაკუს/დიაოიუს კუნძულების ისტორიას ჩინელები და იაპონელები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ჩინელები ამტკიცებენ, რომ ეს კუნძულები 1895 წლის შიმონოსეკის ზავამდე – როცა იაპონიასთან ომში დამარცხებულმა ჩინეთმა ტაივანი მტერს გადასცა – ჩინური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ გეოგრაფიული რუკები და ტერიტორიაზე პრეტენზიის აღმნიშვნელი ჩინური მონარქიის ედიქტები მოჰყავთ, რომლებიც ძნელად გამოდგება ჩინური პოზიციის მართლზომიერების საბუთად, რადგან საზღვრების ზუსტი მონიშვნა წყნარი ოკეანის რეგიონში მხოლოდ მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო.

იაპონური ვერსიით, სენკაკუს დაუსახლებელი კუნძულების მმართველობა იაპონელებმა შიმონოსეკის ზავამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს და ისინი ოკინავას პრეფექტურის ნაწილი იყვნენ, რომელსაც ახლაც მიეკუთვნებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის ჩართულობა ამ ტერიტორიულ კონფლიქტში არა მხოლოდ იაპონიასთან მისი სამხედრო ალიანსით აიხსნება, არამედ ისტორიული ფაქტორებითაცაა განპირობებული. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, სენკაკუ ამერიკელებმა დაიკავეს და ოკინავას სამხედრო ბაზის ნაწილად აქციეს. 1972 წელს, ოკინავას იაპონიისათვის გადაცემასთან ერთად, სენკაკუც იაპონურ მმართველობას დაექვემდებარა. სწორედ მაშინ განაცხადეს ჩინეთმა და ტაივანმა პირველად პრეტენზიები სენკაკუს არქიპელაგზე. ტერიტორიული დავის დაწყებას წინ უძღოდა ნავთობისა და გაზის რეზერვების აღმოჩენა არქიპელაგის შელფში.

აშშ-ის პოზიცია

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში კრიზისი დაიწყო აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადებიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. ასეთი ტიპის დეკლარაცია აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო არ არის. ისტორიულად, ამერიკა თანაბრად იყო დაინტერესებული როგორც ატლანტიკური (ევროპა), ისე პაციფიკური (აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია) მიმართულებებით. პრიორიტეტების იერარქიაში ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ამერიკის მატერიკი, რაც ჯერ კიდევ დამფუძნებელი მამებისა და პირველი პრეზიდენტების განცხადებებში ფიგურირებდა.

„მონროს დოქტრინით" აშშ აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა ლათინური ამერიკის 1820-იან წლებში ახლადგანთავისუფლებული ქვეყნების რეკოლონიზაციას ევროპელების მიერ, რადგან ეს მის უსაფრთხოებას უქმნიდა საშიშროებას. აქვე არსებობდა იდეოლოგიური მომენტი: ლათინური ამერიკის ქვეყნების გათავისუფლება, მსგავსად აშშ-ისა, რევოლუციების შედეგად მოხდა. ლათინოამერიკული ქვეყნები თავის თავს დემოკრატიებად და რესპუბლიკებად რაცხავდნენ, რითაც ისინი აშშ-ს ენათესავებოდნენ და მაშინდელი ევროპული მონარქიებისაგან განსხვავდებოდნენ, რომლებიც, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, აბსოლუტისტურ და ნახევრადაბსოლუტისტურ ხასიათს ატარებდნენ. ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და ცენტრალური აზია და აფრიკა, პრიორიტეტების შკალაში, ყველაზე დაბალ ადგილს იკავებდნენ, რადგან ამ რეგიონებიდან აშშ-ს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ასეთი მიდგომა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა, როცა აშშ-მა გლობალური პასუხისმგებლობა აიღო „კომუნიზმის შეჩერების" მიზნით. ცივი ომის დამთავრებამ და უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში, ლიბერალური/მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის აზრით, შეერთებული შტატების ძალის „გადაჭიმვამ", ობამას ადმინისტრაციას უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკისაკენ უბიძგა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამერიკელები, ისევე როგორც გლობალური პასუხისმგებლობის აღების წინარე პერიოდში, ცალკეულ რეგიონებს პრიორიტეტულად გამოყოფენ.

ისევე, როგორც „მონროს დოქტრინის" ხანაში, ამჟამადაც ამერიკის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები, არამედ საკუთარი ფასეულობების მხარდაჭერის სურვილიც. იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფილიპინები და რეგიონის სხვა დემოკრატიული ქვეყნები აშშ-ის ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ, რადგან ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობებს იზიარებენ. კომპარტიის მიერ მართული ავტოკრატიული ჩინეთი კი, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მსოფლმხედველობრივი მოწინააღმდეგეც არის.

ჩინეთის პოზიცია

ჩინეთის მიერ სტატუსკვოს შეცვლის მცდელობის დრო შემთხვევით არ არის შერჩეული და ჩინეთის შიდა პოლიტიკას, ასევე, საერთაშორისო ძალთა ბალანსის ცვლილებას უკავშირდება. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ქსი ძინპინის მეთაურობით, პარტიის შერყეული პოზიციების აღდგენას ცდილობს ნაციონალისტური რიტორიკით. მას შემდეგ, რაც სოციალიზმის მარქსისტულმა ვერსიამ, როგორც ჩინეთის მმართველთა იდეოლოგიამ, მნიშვნელობა დაკარგა, პარტიულ ელიტას ახალი იდეოლოგია სჭირდება, რომელიც მას მოსახლეობის თვალში ლეგიტიმაციის დონეს აუმაღლებს. ნაციონალიზმი და ტერიტორიული კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებთან, გარეშე მტრის წინააღმდეგ საზოგადოების დარაზმვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

სენკაკუს არქიპელაგის კუნძულები
ქსის ამბიციური გეგმების განხორციელებისათვის საერთაშორისო ვითარებაც ხელსაყრელია. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსი, ობამას ადმინისტრაციის პირობებში, მთელ აზიაში ამერიკის სისუსტედ აღიქმება. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ჩინეთის მიერ საჰაერო თავდაცვის ზონის გამოცხადების მაპროვოცირებელი აქტი იმ ვარაუდით განხორციელდა, რომ შეერთებული შტატები ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა და იაპონიას არ დაეხმარებოდა სადავო კუნძულებზე სუვერენიტეტის შენარჩუნების საქმეში. მართალია, ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ აშშ-ის მიერ სამხედრო ხარჯების შემცირება ჩინეთის სამხედრო ძლიერების ზრდის ფონზე, ამერიკის მოკავშირეებს ეჭვის საფუძველს აძლევს.

იაპონიის პოზიცია

განსხვავებით გერმანიისგან, მეორე მსოფლიო ომში განცდილ მარცხს იაპონიაში ნაციონალიზმის დელეგიტიმაცია არ გამოუწვევია. განსაკუთრებით ბოლო წლებში, იაპონიის პოლიტიკაში ნაციონალისტური დისკურსი წამყვან ადგილს იკავებს და ხშირად ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას. ხშირია ისტორიული რევიზიონიზმი, როცა ცალკეული პოლიტიკოსები იაპონიის მიერ აზიის სხვა ქვეყნების ოკუპაციას მსუბუქი ფერებით წარმოაჩენენ ან იაპონელთა მიერ სამხედრო დანაშაულებების ჩადენას უარყოფენ.
იაპონიის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი შინზო აბე მიჩნეულია, როგორც ყველაზე უფრო ნაციონალისტი პრემიერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სენკაკუს არქიპელაგის გარშემო წარმოშობილი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი იაპონიის მიერ სტატუსკვოს შეცვლა იყო: იაპონიის მთავრობამ სადავო კუნძულები 2012 წელს ასევე იაპონელი კერძო მესაკუთრისგან იყიდა, რამაც ჩინეთში სახალხო გამოსვლები და იაპონური ნაწარმის ბოიკოტი გამოიწვია. თუმცა ჩინეთის მიერ საჰაერო თავდაცვის ზონის გამოცხადება არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც რეაქცია იაპონიის მიერ სტატუსკვოს დარღვევაზე, ამ ორ მოვლენას შორის დროში არსებული წყვეტის გამო.

იაპონური ნაციონალიზმის აღორძინება ერთგვარად ანაქრონისტულია: ჩინეთის გაძლიერების ფონზე, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ სტაგნაციაში მყოფ იაპონიას ჩინეთთან შესაძლო სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში საკუთარი ძალებით თავის დაცვის უნარიც კი არ შესწევს და აშშ-ის დახმარებას საჭიროებს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია აზია-პაციფიკის რეგიონის სხვა ქვეყნებთან – რომლებსაც ჩინეთის გაძლიერება ასევე აშფოთებთ – კარგი ურთიერთობა. იაპონელი პოლიტიკოსების რევიზიონისტული განცხადებები იაპონიის რეპუტაციას არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ სამხრეთ კორეაში, ფილიპინებზე და სხვა ქვეყნებშიც ლახავს, რომლებიც ჩინეთის მსგავსად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონიის აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლნი იყვნენ. იაპონური დიპლომატია უფრო წარმატებულია რეგიონის შედარებით შორეულ ქვეყნებთან ალიანსების ორგანიზების საქმეში: ავსტრალია და ინდოეთი იაპონიის უახლოესი მოკავშირეები არიან.

მომავლის კონტურები

ბევრი კომენტატორი დღევანდელ აღმოსავლეთ აზიას 1914 წლამდელ ევროპას ადარებს, სადაც ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, ნაციონალიზმითა და ტერიტორიული ექსპანსიის სურვილით შეპყრობილ სახელმწიფოებს შორის ომმა იფეთქა. ამ შედარებაში ჩინეთს კაიზერული გერმანიის როლი აქვს მინიჭებული – როგორც მზარდი ძალის და ექსპანსიის სურვილის მქონე სახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლას ცდილობს. რამდენად ადეკვატური იქნება ეს შედარება მომავლისათვის, დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ აზია-პაციფიკის რეგიონი ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა პრიორიტეტულ ზონად, აზიელთა შორის ამერიკისადმი ნდობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად დაეცა. ჩინეთის სამხედრო ძლიერების ზრდის ფონზე, აშშ თავის სამხედრო ხარჯებს ამცირებს და სამედიცინო დაზღვევისა და სხვა სოციალური ხარჯების მოცულობის გამო ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. მთავარი მოკავშირის სისუსტე აზიურ დემოკრატიებშიც ზრდის საფრთხის განცდას და მათ ტრადიციული მიდგომების გადახედვისაკენ უბიძგებს.
ამერიკის ძალისადმი ნდობის შემდგომი შემცირების შედეგი შეიძლება იყოს იაპონიის მილიტარიზაცია და ნუკლეარიზაცია. ნაციონალისტური ტალღის გაძლიერებასთან ერთად, იაპონიაში ასეთ თემებზე წარსულში არსებული ტაბუ ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს. იმავე გზას შეიძლება დაადგნენ მალაიზია, ვიეტნამი და ფილიპინები, რომლებსაც ჩინეთთან სპრატლის კუნძულების გარშემო აქვთ ტერიტორიული დავა.

1914 წლის სცენარის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამეორების თავიდან ასაცილებელ საუკეთესო საშუალებად იმ სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება რჩება, რომელიც ამერიკას ჩინეთთან მიმართებით აქვს. ამერიკის უნარი, დაარწმუნოს ყველა საერთაშორისო აქტორი საკუთარი ძლიერების ურყეობაში, ამ რეგიონში მშვიდობის გარანტია იქნება.

კომენტარები