მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა

წულუკიანი: იმ 7 ქვეყნის მოსამართლეები მოვიწვიეთ, სადაც შეფასების სისტემა აქვთ

"დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მოსამართლეების საერთაშორისო კონფერენცია. შვიდი ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები გახლავთ ჩამოსული იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს მათსა და ჩვენს მოსამართლეებს შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე - ეს გახლავთ მოსამართლეების 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვიდრე ისინი თავიანთ პოზიციაზე დაინიშნებიან სამუდამოდ", - განუცხადა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სასამართლო სისტემაში იარსებებს შეფასების სისტემა - მოსამართლე, ვინც სამი წლის განმავლობაში კარგად იმუშავებს, დაინიშნება სამუდამოდ და ვინც ვერა - მას არ დანიშნავენ.

"ეს სისტემა სხვა ქვეყნებში მოქმედებს. იმ შვიდი ქვეყნიდან, სადაც შეფასების სისტემა მოქმედებს მისამართლეებისთვის, მოვიწვიეთ მოსამართლეები, ვინც აფასებს სხვებს, ვინც ყოფილა შეფასებული, რომ გვითხრას, როგორ კეთდება ეს და როგორი სისტემა იქნება ჩვენთვის გასაზიარებელი, იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლეები, დიახაც, უნდა შეფასდნენ იქამდე, ვიდრე სამუდამოდ დაინიშნებიან და გადაწყვეტენ ადამიანების ბედს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ქვეყანაში აკრედიტებული მისიები; დიდი ბრიტანეთის საელჩო. კონფერენციაში მონაწილეობენ პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეები. 

კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

კომენტარები