თურქეთი

ერდოღანი ყველას წინააღმდეგ

ქეთი ზუკაკიშვილი
0 კომენტარი

რამდენიმე თვეში თურქეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. რესპუბლიკის 90-წლიანი არსებობის მანძილზე პირველი პირდაპირი არჩევნებისთვის მზადება სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. აგვისტოს არჩევნებში მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი პრეზიდენტი აბდულა გიული და პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თუმცა ერდოღანის საპრეზიდენტო ამბიციებს რეალური საფრთხე არა გიულის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსლიმი ლიდერის – ფეთულა გიულენის მხრიდან ემუქრება.

ფეთულა გიულენი
გიულენი თურქი გადამდგარი იმამია, რომელიც 1999 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და რელიგიურ-სოციალურ მოძრაობა ჰიზმეთს ხელმძღვანელობს. გიულენის მოძრაობა არაფორმალური, დახურული გაერთიანებაა, რომლის შესახებაც ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. WikiLeaks-ში გაჟონილი აშშ-ის საელჩოს დოკუმენტების მიხედვით, გიულენისტების რიგებში საშუალო და მაღალი კლასის 2-5 მილიონი თურქი ერთიანდება, მათ შორის, ბიზნესმენები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და საჯარო მოხელეები. იზრდება გიულენის საერთაშორისო გავლენაც, განსაკუთრებით კი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში.

ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, გიულენი მხარს უჭერს „ისლამის ახლებურ ინტერპრეტაციას", კერძოდ, რელიგიათა და კულტურათა შორის დიალოგს, მეცნიერებას, დემოკრატიას, მშვიდობასა და სულიერებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება რელიგიის პოლიტიკურ იდეოლოგიად გადაქცევას. თავის მხრივ, ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) პოლიტიკაში აქტიურად იყენებს რელიგიას.

საკუთარი ხედვის გასავრცელებლად 72 წლის გიულენი მნიშვნელოვან საინფორმაციო არხებს ფლობს: რამდენიმე მსხვილი თურქული მედია, მათ შორის, პოპულარული ყოველდღიური ჟურნალი ზამანი, კერძო სკოლები და შეძლებული მიმდევრები გიულენს ერდოღანის მთავარ, თუმცა ჩრდილოვან მეტოქედ აქცევს.

საგულისხმოა, რომ ბოლო დრომდე, გიულენი და ერდოღანი საერთო ბანაკში მოიაზრებოდნენ. წლების წინ მათი დაახლოება ოპონენტების წინააღმდეგ საერთო ხედვამ განაპირობა. „ღრმა სახელმწიფოს" სახელით ცნობილი თურქი სეკულარული ნაციონალისტები (განსაკუთრებით, სამხედროები) AKP-ისა და გიულენის მოძრაობის ისლამურ მისწრაფებებს თანაბრად უშლიდნენ ხელს.

კორუფციისა და ავტორიტარიზმის მიუხედავად, რესპუბლიკის დემოკრატიზაციიდან ანუ 1950 წლიდან სამხედრო ძალები რელიგიურ ჯგუფებზე სახელმწიფოს უპირატესობას უზრუნველყოფდნენ. 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში არმია სეკულარიზმის სახელით და სასამართლოს დახმარებით, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის საქმიანობაში აქტიურად ჩაერია და ისლამური გადახვევები შეაჩერა. 1999 წელს გიულენის წინააღმდეგ გამოძიებაც კი დაიწყო, რასაც მისი აშშ-ში ემიგრაცია მოჰყვა.

თურქი ჟურნალისტის აჰმეთ სიქის აზრით, ერდოღანი თავდაპირველად არმიასთან თანამშრომლობას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს შესაძლებლობა გამოირიცხა, პრემიერმა სამხედროების ჩამოშორება გიულენის და მისი სწრაფად მზარდი მოძრაობის დახმარებით გადაწყვიტა.

არმიის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების შედეგად, ცნობილ ერგენეკონის სასამართლო პროცესებს 300-მდე სამხედროს დაპატიმრება და „ღრმა სახელმწიფოს" გავლენის რადიკალურად შემცირება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ერდოღანმა გიულენს ბრალდებები მოუხსნა და მისი სკოლების სახელმწიფო სუბსიდირებაც დაიწყო, ავტორიტეტული კლერიკალი თურქეთში არ დაბრუნებულა, რამდენიმე თვის წინ კი პრემიერმინისტრის ღია კრიტიკა დაიწყო.

საპასუხოდ, ერდოღანმა გიულენი საჯარო ინსტიტუციებში, განსაკუთრებით, პროკურატურასა და სასამართლოში, აგენტურული ქსელის ყოლასა და „პარალალური სახელმწიფოს" შექმნაში დაადანაშაულა და მისი მომხრეების მასობრივი წმენდა დაიწყო. „მათ, ვინც სახელმწიფოს შიგნით უკანონო ბანდას ხელმძღვანელობს, სამალავებშიც მივაგნებთ", – განაცხადა ერდოღანმა. საჯარო სტრუქტურების უპრეცედენტო შევიწროებას პარლამენტის ხუთი წევრის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა, გიულენმა კი პრემიერს ღმერთის სახელით წყევლით უპასუხა.

აგენტებად შერაცხული გიულენისტები, სავარაუდოდ, AKP-სთან დაკავშირებული კორუფციის მტკიცებულებებს, მათ შორის, ვიდეოფირებს ფლობენ და, ამდენად, მარტის ადგილობრივი და აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ.

პროკურატურის მიერ ახლახან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა მეჰმეთ ბარანსუმ გამოაქვეყნა ერდოღანის მიერ ხელმოწერილი ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტი, რომელიც გიულენისტების და სხვა რელიგიური ჯგუფების დასუსტებას ისახავდა მიზანს. პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ზოგიერთისთვის ერდოღანის საქციელი წმინდა წყლის პოლიტიკური დევნაა, ზოგი კი მსგავს ზომებს ეროვნული ინტერესების დაცვად მიიჩნევს.

საინტერესოა სამხედროების სასამართლო პროცესების ბედიც. სეკულარისტების წინააღმდეგ მასშტაბური „ოპერაცია ურო", 2010 წელს თურქეთის 9 პროვინციაში ერთდროულად ჩატარდა და 350-მდე შეთქმულებაში ეჭვმიტანილის დაკავება მოჰყვა. ამ გახმაურებულ საქმეში ერდოღანი მთავარ მონაწილედ გვევლინებოდა და თავს მსჯავრდებულების „პირად პროკურორად" მოიხსენიებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ცხადი ხდება, რომ მმართველი პარტია ბრალის გადატანას არმიიდან გიულენის მოძრაობაზე ცდილობს.

AKP-ის წევრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იასარ იაქისი აცხადებს, რომ კორუფციულმა სკანდალმა ერგენეკონისა და „უროს" ოპერაციის სასამართლო პროცესებს ახალი კონტექსტი შესძინა. ორივე საქმეზე მთავარი ინფორმატორები გიულენის მოძრაობის წევრები იყვნენ, რომლებმაც ახლა სხვა სახელმწიფო საიდუმლოებები გამოააშკარავეს. ამდენად, გამორიცხული არ არის, მათ არაკეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეთ.
5 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში თავად ერდოღანმა გააჟღერა, რომ მომდევნო ინსტანციის სასამართლოებში შეთქმულების საქმეების „ახალ სამართლებრივ განვითარებას" ემხრობა. თურქი პოლიტიკური კომენტატორის ქადრი გიურსელის აზრით, ახალმა პოზიციონირებამ პრემიერს შესაძლოა გიულენისტების წინააღმდეგ არმიის მხარდაჭერა დაუბრუნოს, თუმცა ეს მისი მთავრობის მორალურ ავტორიტეტს გაანადგურებს. გარდა ამისა, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს არმია, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების საშუალება მიეცემა.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირების რეალური მიზეზები უცნობია. კომენტატორების ნაწილი ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილების მთავარ წყაროდ პრემიერმინისტრის მიერ ისრაელის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას და ამბოხებული სირიელების მხარდაჭერას ასახელებს.

განსხვავებები იკვეთება ისლამის ინტერპრეტაციის კუთხითაც. ერთი შეხედვით, ორივე მათგანი ზომიერ ისლამურ იდეოლოგიას ეყრდნობა, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ერდოღანი ყოფილი პრემიერმინისტრის ნეჩმეთინ ერბაქანისეულ ისლამის „ეროვნულ ხედვას" („Milli Gorus") იზიარებს, რომელიც „ანტიდასავლურ, პანისლამურ" დისკურსს მოიცავს. გიულენის სწავლება, თავის მხრივ, ქურთი სუფისტი სულიერი ლიდერის საიდ ნურსისეულ ინტერპრეტაციას ეფუძნება და ისლამის სხვა ცივილიზაციებთან დიალოგს მოიაზრებს. ერთი მხრივ, გიულენის მიერ საკუთარი აპოლიტიკურობის მუდმივი ხაზგასმა, მეორე მხრივ კი, მისი მომხრეების საჯარო სტრუქტურებში დაწინაურება, სულიერი ლიდერის ირგვლივ შეთქმულების თეორიების მომრავლებას უწყობს ხელს.

Foreign Policy-ის ანალიტიკოსი დანა სტასტერი სტატიაში „ისლამური იმპერია, რომელიც ერდოღანის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას ცდილობს", გიულენის შესახებ ორ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას მიმოიხილავს. სტატიის მიხედვით, ისლამისტი დიქტატორების ნაწილი გიულენს აშშ-ის აგენტად მიიჩნევს, რომელიც პოლიტიკური ისლამის ძირის გამოთხრას ცდილობს. მეორე მხრივ, სეკულარისტები შიშობენ, რომ გიულენს სურს, თურქეთი შარიათის კანონებზე დაფუძნებულ, ირანის ტიპის ისლამისტურ სახელმწიფოდ გადააქციოს.

რაც უნდა იყოს ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირების რეალური მიზეზი, ცხადია, რომ ყოფილი მოკავშირეების პოლიტიკური განქორწინების შედეგებზე 75-მილიონიანი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

ერდოღანისთვის გიულენთან ურთიერთობის დაძაბვა არჩევნების წინ განსაკუთრებით წაგებიანია. პრემიერის საერთაშორისო რეპუტაცია ჯერ კიდევ 2012 წელს შეირყა, როდესაც მან კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო. მოგვიანებით, გეზის პარკის დაცვის მიზნით დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ჩაახშეს. თურქეთის სასამართლომ პრემიერმინისტრის მოწინააღმდეგე 250-მდე პირს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება დაუდგინა, რამაც ოპონენტების პოლიტიკური დევნის შესახებ ბრალდებები გაააქტიურა. მიუხედავად ამისა, ერდოღანი ბოლო დრომდე ამომრჩევლის 50%-მდე ნდობით სარგებლობდა.

ქვეყნის შიგნით ერდოღანის რეპუტაციას რეალური დარტყმა შესაძლოა მიმდინარე კორუფციულმა სკანდალმა მიაყენოს. დეკემბერში კორუფციის ბრალდებით პოლიციამ სამი მოქმედი მინისტრის შვილები, წამყვანი ბანკის მმართველი და ერდოღანის AKP-სთან დაახლოებული სხვა 20-მდე პირი დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის ბარის გულერის სახლიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით თანხა ამოიღო. პოლიციამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Halkbank-ის დირექტორის სულეიმან ასლანის სახლში ყუთებში დამალულ 4,5 მილიონ დოლარსაც მიაგნო. ალსანთან ერთად დაკავებულია ირანელი ბიზნესმენი რეზა ზარაბიც.

თურქული მედიის ცნობით, ბრალდებულთა საქმიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქციონირებულ, ირანთან ოქროთი და გაზით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება, რამაც ბოლო წლებში ირანში 120 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს შედინებას და ამ გზით, ირანული ეკონომიკის მნიშვნელოვან გაძლიერებას შეუწყო ხელი. Halkbank-ში ამტკიცებენ, რომ „გაზი ოქროს ნაცვლად" ტიპის შეთანხმებებში უკანონო არაფერია. თუმცა, დადასტურების შემთხვევაში, ერთი შეხედვით მოგებიანი გარიგებები NATO-ს წევრი თურქეთის საერთშორისო რეპუტაციას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

გამოძიება იკვლევს კორუფციულ გარიგებებს ჯანდაცვის და საჯარო ტენდერებში მშენებლობის კუთხითაც. ეს უკანასკნელი ერდოღანის რეპუტაციას განსაკუთრებულ ჩრდილს აყენებს, რადგან სახელმწიფო განსახლების ორგანოს პირადად პრემიერნიმისტრი კურირებს.

კორუფციულ სკანდალში არაპირდაპირ ჩართული სამივე მინისტრი მალევე გადადგა, ხოლო ერთმა მათგანმა იმავეს გაკეთებისკენ პრემიერმინისტრსაც მოუწოდა.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა ახალი წლის დღეებში, როდესაც პროკურორებმა კორუფციის ბრალდებით პრემიერმინისტრის შვილის, ბილალ ერდოღანის დაკავება მოითხოვეს, რაც, მათივე განცხადებით, პრემიერმინისტრის მიერ პოლიციაზე ზეწოლის გამო ვერ მოხდა. ბრალდებების საპასუხოდ, ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტი სასწრაფოდ გადააწყო და პოლიციასა და პროკურატურაში მასობრივი წმენდა დაიწყო. თურქულ გაზეთ თარაფის ინფორმაციით, შემთხვევიდან მხოლოდ ერთ კვირაში 300-მდე პოლიციელი დაითხოვეს, გამოძიების დაწყებიდან დღემდე კი თანამდებობა 700-ზე მეტ სამართალდამცავს დაატოვებინეს.

ნათელია, რომ პრემიერმინისტრი არჩევნებამდე ძალაუფლების კონცენტრაციას სწრაფი რეაგირებით ცდილობს. რადგან შიდაპარტიული ლიმიტის გამო ერდოღანს პრემიერის პოსტის დაკავება მხოლოდ სამი ვადით შეუძლია, ხელისუფლებაში დარჩენის პრაქტიკულად ერთადერთ გზას პრეზიდენტობა წარმოადგენს. უკიდურეს შემთხვევაში, ერდოღანს შიდაპარტიული რეგულაციის შეცვლა შეუძლია, თუმცა პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის პირისპირ, მისი, როგორც პრემიერის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შესუსტდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
კონსტიტუციასა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან აშშ-ისა და საფრანგეთის მსგავს საპრეზიდენტო სისტემად გარდაიქმნება. 1982 წელს არმიის გავლენით მიღებული კონსტიტუცია პრეზიდენტის ერთჯერად, 7-წლიან ვადასა და ცერემონიულ როლს მოიაზრებდა. ცვლილებების შემდეგ, ძალაუფლების კონსოლიდაცია პრეზიდენტის ხელში მოხდება. პირდაპირი გზით არჩეულ ლიდერს პოსტზე ყოფნა განახლებადი 5-წლიანი ვადით შეეძლება. მიიღებს თუ არა აბდულა გიული არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ კიდევ სპეკულაციის საგანია, თუმცა ერდოღანი ქვეყნის სათავეში დარჩენას მომავალი ათწლეულის განმავლობაში გეგმავს.

მსგავსი განვითარებით უკმაყოფილოა ერდოღანის თანაპარტიელი, პრეზიდენტი გიული, რომელიც არჩევნებში ერდოღანის მთავარ მეტოქედ მოიაზრება. ორივე პოლიტიკოსის იდეოლოგიური პლატფორმა დაახლოებით იდენტურია. ისლამური ღირებულებებისა და თურქული ნაციონალიზმის ნაზავი ქვეყნის პროდასავლურ ლიბერალურ წრეებში პროტესტს იწვევს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა მსგავს პოლიტიკას ემხრობა. ამ მომენტში, გიული უკეთეს პოზიციაშია, რადგან, როგორც ცერემონიულ ფიგურას, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება არ უწევს და შეუძლია კონკურენტს მშვიდად მოუწოდოს კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ.

ამ დროს ერდოღანი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის განეიტრალებას გარეშე ფაქტორებზე და შეთქმულების თეორიებზე აპელირებით ცდილობს. სამთავრობო მედია უფრო კონკრეტულად ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს, პრემიერი კი ანკარიდან აშშ-ის ელჩის ფრანსის რიკარდონეს გაძევებასაც არ გამორიცხავს. იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანი რეგიონში ბარაკ ობამას მთავარ მოკავშირედ აღიქმებოდა, აშშ-სთან ურთიერთობის მსგავსი დაძაბვა საკმაოდ მოულოდნელია.

თურქი ჟურნალისტის ჩინგიზ აქთარის შეფასებით, „ერდოღანს არ გააჩნია გეგმა, და ყველას წინააღმდეგ საკუთარი ინსტინქტების შესაბამისად იბრძვის". მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრის მთავარი კოზირი სუსტი და დანაწევრებული ოპოზიციაა. მთავარი ოპოზიციური სეკულარისტული რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრთა რაოდენობა AKP-სას 8-ჯერ ჩამოუვარდება. ოპონენტებმა კრიზისის გამოყენება და მმართველი პარტიის წინააღმდეგ კონსოლიდაცია ვერ შეძლეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიციებს ერდოღანის უალტერნატივო ლიდერობის შესახებ.

სირთულეების მიუხედავად, ერდოღანის რეიტინგებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. მოსახლეობის დიდი ნაწილი კორუფციას არა კონკრეტულად პრემიერის, არამედ, ზოგადად, თურქული მმართველობის პრობლემად მიიჩნევს. მეტიც, საშუალო კლასის თურქებში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ AKP კორუფციასა და მაფიასთან ყველაზე ეფექტურად მებრძოლი პარტიაა.

თურქული კვლევითი ორგანიზაციის Konsensus Research & Consultancy-ის შეფასებით, ერდოღანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ მთელი წლის განმავლობაში კორუფციის ახალ-ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთება. მართლაც, 11-წლიანი მმართველობის გათვალისწინებით, ერდოღანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება რთული გამოწვევაა, თუმცა შესაძლოა, ეს პრემიერის ყოფილმა თანამოაზრემ ფეთულა გიულენმა შორეული პენსილვანიიდან მოახერხოს.

ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, თურქეთში სტაბილურობაზე, მეორე მხრივ კი, წამყვან ისლამურ სახელმწიფოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ბედზე ღელავს. ევროკავშირს შეუძლია, თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებები გამოიყენოს ბერკეტად ერდოღანის ავტორიტარული მმართველობის შესარბილებლად. პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა შესაძლოა აშშ-ის მხრიდანაც. თუმცა დასავლეთი ამავდროულად ფრთხილად უნდა იყოს, რომ გარეშე ჩარევებით NATO-ს წევრი თურქეთის საერთაშორისო გავლენა და მერყევი დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო არ შეასუსტოს.

„თუკი თურქეთში პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა დაეცემა, ეს შეგვიძლია ნაკლებად ცნობილ მუსლიმ სულიერ ლიდერს ფეთულა გიულენს და მის ჩრდილოვან გლობალურ ისლამურ იმპერიას მივაწეროთ", – წერს გავლენიანი ამერიკული ჟურნალი Foreign Policy.

ამერიკაში მცხოვრები 72 წლის კლერიკალი რელიგიურ-სოციალური მოძრაობა ჰიზმეთის ლიდერია. გიულენის მოძრაობა საშუალო და მაღალი კლასის რამდენიმე მილიონ თურქს აერთიანებს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს. ყოფილი იმამი ზომიერ, მოდერნიზებულ ისლამს ქადაგებს, რის გამოც მუჰამედის მოძღვრების მისეულ ინტერპრეტაციას ხშირად კალვინიზმს ადარებენ. მისი ინსპირაციის წყარო მეოცე საუკუნის ქურთული წარმოშობის მუსლიმი მოღვაწე საიდ ნურსია, რომელიც რელიგიის გვერდით, გონისა და მეცნიერების როლს აღიარებდა. გიულენი პოლიტიკასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. სამაგიეროდ, ხშირად საუბრობს კულტურათა და რელიგიათა შორის დიალოგზე. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ლიდერია, რომელიც რომის პაპს შეხვდა.

მედიის, კერძო სკოლების ქსელის, კომერციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით, გიულენი საკუთარ მომხრეებს სახელმწიფო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავებისკენ მოუწოდებს, რამაც ბოლო პერიოდში მისი გავლენა საგრძნობლად გააძლიერა. თუკი არცთუ დიდი ხნის წინ გიულენი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ პოლიტიკის ისლამიზაციის იდეოლოგიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, დღეს პრემიერმინისტრი გიულენისტებს ჯაშუშური ქსელისა და „პარალელური სახელმწიფოს" შექმნაში ადანაშაულებს. იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთი უპრეცედენტო კორუფციული სკანდალებით ხვდება, ორ ლიდერს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

გიულენს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სხვა მუსლიმანურ ქვეყნებშიც. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, 50-მდე წიგნის, ასობით სტატიისა და ქადაგების ავტორი, ბოლომდე ამოუხსნელ ფიგურად რჩება. ისლამისტები მას ამერიკის აგენტად მოიხსენიებენ, ლიბერალ თურქებს კი ჰიზმეთის გაძლიერება სეკულარიზმის მთავარ საფრთხედ მიაჩნიათ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები