მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლება

მარინე მიზანდარი პრემიერს და კულტურის მინისტრს სასამართლოში უჩივის

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი 16:30 საათზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს. „მარინე მიზანდარი პრემიერმინისტრისა და მინისტრის იმ ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მიზანდარი თანამდებობიდან გაათავისუფლეს“, - უთხრა ტაბულას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა სულხან სალაძემ, რომელიც მიზანდარის ინტერესებს იცავს.

სალაძის თქმით, პრემიერმინისტრს მინისტრის და მინისტრის მოადგილის გათავისუფლების უფლება აქვს, მაგრამ მიზანდარის შემთხვევაში გათავისუფლების საფუძვლად  არა „მთავრობის შესახებ“ კანონი, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონია  გამოყენებული. შესაბამისად, მარინე მიზანდარის გათავისუფლების საფუძვლად დისციპლინური დარღვევაა მითითებული.

„დისციპლინური დარღვევები, რაც მიზანდარის გათავისუფლების საფუძვლად არის გამოყენებული, ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება. ბრძანებას თანდართული არ აქვს დოკუმენტები, რომლებიც დისციპლინურ გადაცდომებს ადასტურებს“, - თქვა სალაძემ.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, ბრძანების გაბათილების შემთხვევაში, ასევე სასამართლოზეა დამოკიდებული, რა შედეგი დადგება.

კომენტარები