ემზარ კვიციანის საქმე

საქალაქო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც კვიციანის მიმალვის საფრთხიდან გამომდინარე, მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. 

ადვოკატმა კობა კობახიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გაუქმება, ალტერნატივად კი, მისი გირაოთი ან თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. კვიციანს თავდებში 30-მდე გენერალი, მათ შორის გია ყარყარაშვილი, დავით თევზაძე, კობა კობალაძე უდგებოდნენ.

პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ გამოძიებისგან მიმალვის საფრთხე არსებობდა, საპასუხო განცხადება პროცესზე თავად ბრალდებულმა კვიციანმაც გააკეთა.

"მე რვაწლიანი ჯოჯოხეთი გავიარე, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მომიწყო. გამოვიკვლიე გზა ნებით თუ უნებლიეთ, რათა აქამდე მოვსულიყავი და სიმართლე გამერკვია. ეს პატიმრობა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, უფრო მეტს ველოდი. არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის შსს-მ ჩამოსვლისთანავე დააკავა.

კვიციანი საქართველოში 2006 წლიდან იძებნება. მას ბრალი სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება. 

კომენტარები