ოსკარები 2014

ოსკარები 2014: ”მონობის 12 წელი” წლის საუკეთესო ფილმია

ჩიუეტელ ეჯიოფორი ფილმში მონობის 12 წელი

ოსკარები 2014-ზე წლის საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო სტივ მაქუინის ფილმმა ”მონობის 12 წელი” მოიპოვა. ყველაზე მეტი, შვიდი ჯილდო კი ალფონსო კუარონის ”გრავიტაციამ” დაიმსახურა.

საუკეთესო აუდიომონტაჟი, აუდიომიქსინგი, მუსიკალური გაფორმება, ვიზუალური ეფექტები, მონტაჟი - ყველგან საუკეთესო კუარონის ”კოსმოსური ეპოპეა” გახდა. ემანუელ ლუბეცკიმ საუკეთესო ოპერატორისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ხოლო წლის საუკეთესო რეჟისორად, ნომინაციის ფავორიტი, ალფონსო კუარონი დაასახელეს. 

2014 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის წოდება მეთიუ მაკონაჰიმ მოიპოვა. ”დალასის მყიდველთა კლუბში” განსახიერებული როლისთვის ”ნამდვილი დეტექტივების” ვარსკვლავმა წელს ოქროს გლობუსი და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. ასევე მთავარმა ფავორიტმა გაიმარჯვა ქალი მსახიობისათვის განკუთვნილი მთავარი ჯილდოს ნომინაციაში. ქეით ბლანშეტმა ”ლურჯ ჟასმინში” შესრულებული როლისთვის თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო და კარიერაში რიგით მეორე ოსკარიც დაამატა. 

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯარედ ლეტომ და ლუპიტა ნ’იონგომ გაიმარჯვეს. ორივე მსახიობი ოქროს ჯილდოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი იყო. ჯარედ ლეტომ სამადლობელ სიტყვაში ვენესუელისა და უკრაინის მოსახლეობას მხარი დაუჭირა და ოცნებების ასრულება უსურვა. ”როდესაც თქვენ ოცნებების ასრულებას, შეუსრულებელი მისიის შესრულებას ცდილობთ, ჩვენ აქ, თქვენ გვერდით ვართ”, - განაცხადა ლეტომ. 

ოსკარები 2014-ზე ერთადერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა. წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, არა ნომინაციის უპირობო ფავორიტი და არაერთი ჯილდოს მფლობელი ”მკვლელობის აქტი”, არამედ როკის უცნობ გმირებზე, ბექ-ვოკალისტებზე გადაღებული ფილმი ”ოცი ფუტი ვარსკვლავობამდე” გახდა. 

კომენტარები