ვითარება უკრაინაში

მაია ფანჯიკიძე უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი დეშჩიცას ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ფანჯიკიძის ინიციატივით გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, "ფანჯიკიძემ გამოხატა უკიდურესი წუხილი უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფაქტი; გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადებები; ასევე გამოეხმაურა მსოფლიო ლიდერთა და კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაუყოვნებლივ არის მისაღები ზომები, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გავხდეთ ევროპაში კიდევ ერთი ოკუპაციის თვითმხილველნი".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კი, დაადასტურა ყირიმის ფაქტიური ოკუპაცია და ადგილზე რუსული მხარის მიერ ინფრასტრუქტურული მშენებლობის წარმოების ფაქტი. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დეშჩიცამ ცალსახად აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დღეს უკიდურესად აქტუალურია რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების მყისიერი ამოქმედება. საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინისა თუ საქართველოს მხარდაჭერაზე, არამედ ეს საკითხი საერთო რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილური ევროპის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. თავის მხრივ, უკრაინის პირველმა დიპლომატმა დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის აუცილებლობა და გამოთქვა იმედი, რომ ამ დღეებში ევროკავშირისა და NATO-ს საგარეო მინისტრების შეხვედრა კონკრეტულ შედეგს მოიტანს ვითარების დეესკალაციის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სერიოზულ გზავნილს წარმოადგენს უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ბატონმა დეშჩიცამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს გააცნო უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მათი მზაობისა და მუშაობის განახლების შესახებ. მხარეებმა აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ევროკავშირმა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას მკვეთრად წარმოუჩინოს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ; მხნეობა, ქმედითი და წარმატებული საქმიანობა უსურვა უკრაინის მთავრობას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი დეშჩიცამ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს გაზიარებული თანადგომისთვის", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები