კარასინ-აბაშიძის შეხვედრა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი შეხვედრა 14 მარტამდე კარასინის წინადადებით გადაიდო

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ მასსა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა 14 მარტს გაიმართება. აბაშიძის თქმით, შეხვედრა, რომელიც 4-5 მარტს იყო დაგეგმილი, ტექნიკური საკითხების გამო გადაიდო.

"14 მარტს იმედია შევხვდებით. შეხვედრა გადაიდო კარასინის წინადადებით. პოლიტიკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს იყო რაღაც ტექნიკური საკითხი", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას.

"დღეს და ხვალ ვერ მოხდება პრეზიდენტების შეხვედრა, ამას უნდა დიდი მომზადება, რათა შედეგიანი იყოს. შეხვედრა შეხვედრისთვის არავის არ სჭირდება. პირველი მოსინჯვა ამ თემის იქნებოდა 5 მარტს, მაგრამ რადგან გადაიდო, 14 მარტს შევხვდებით ალბათ და გავისაუბრებთ", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. 

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს და მხარს ვუჭერთ მის სურვილს, ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფოდ მიიღოს ქმედითი ზომები, რათა შევაჩეროთ ძალისმიერი ქმედებები", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს დღევანდელ კონფერენციაზე, რომელშიც ქართველი და რუსი ექსპერტები მონაწილეობენ. 

კომენტარები