ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ". უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. 

"მინდა ყველას ვთხოვო, გაითვალისწინოთ იმ საკითხის სირთულე, რაც უკრაინაშია შექმნილი. საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა ყველა შტომ - პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ცალსახა პოზიცია გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება, რომ ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ეს არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარის დარღვევა. ამ საკითხებში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, ეს საკითხი, მისი სირთულიდან გამომდინარე, უნდა მოგვარდეს ძალიან კონკრეტული ქმედებებით და არა განცხადებებით.

კომენტარები