ინციდენტი გარდაბანში

ნადირაშვილი: ენმ-ის წევრებს ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ

news.ge

გარდაბანში ნაციონალური მოძრაობის კონფერენციის დაწყებამდე პარტიის წევრებს ქართული ოცნების ნასვამი აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ტაბულას განუცხადა.

”გარდაბანში გვაქვს პარტიული კონფერენცია, სადაც უნდა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე. აქ მოვიდა დაახლოებით 4-კაციანი ჯგუფი. როგორც ადგილობრივებმა თქვეს, ისინი ქართული ოცნების აქტივისტები არიან. ისინი იყვნენ ნასვამები. იყო ხელჩართული ბრძოლა, ცდილობდნენ კონფერენციის ჩაშლას. იქ არ იყო პოლიცია, მე წავედი პოლიციის განყოფილებაში და გავაფრთხილე ისინი, რომ ასეთი ამბავი ხდება და მისვლა ვთხოვე. ამის შემდეგ პოლიცია მოვიდა და ეს ადამიანები გაიყვანა. როდესაც ცდილობდნენ ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას, მან ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენა”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია.

”მიმდინარეობს რეგისტრაცია და იმედი გვაქვს, რომ აღარ აირევა არაფერი”, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ამგვარი ქმედებები არჩევნების სამართლიანად ჩატარებას არ წაადგება.

”ვთვლით, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო სიტუაციის დაძაბვა და არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგის მომზადება”, - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები