ვითარება უკრაინაში

იაკობაშვილი: უკრაინის კრიზისით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მსოფლიო წესრიგი

რადიო თავისუფლება

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ პარალელების გავლება უკრაინის მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის სწორია, თუმცა, მისი აზრით, უკრაინის კრიზისი ჰგავს უფრო 2008 წლის გაზაფხულს და არა მაინცდამაინც აგვისტოს. როგორ იაკობაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ჩართვისას განაცხადა, სწორედ 2008 წლის გაზაფზულზე დაიწყო რუსეთმა ე.წ რკინიგზის აღდგენა და შემოიყვანა სადესანტო ქვედანაყოფები.

"მაშინ ჩვენ საკმაოდ აქტიურად მოვუწოდებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ამოეღოთ ხმა და მიეღოთ გადამწყვეტი ზომები ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მაშინ არ იყო ასეთივე მზაობა, როგორიც დღეს არის უკრაინასთან მიმართებით. აგვისტოში უკვე რეალობა იყო სხვანაირი და იმედია, რომ აქამდე არ მივა სიტუაცია უკრაინაში. აგვისტოში იყო სროლები, დაბომბვები, ალყაში მოქცეული ქართული სოფლები. ამიტომ, უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელები 2008 წელთან სწორია, ოღონდ დროის ფაქტორის გათვალისწინებით" - თქვა იაკობაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის კრიზისი არამხოლოდ აშშ-ის მთავარი გამოწვევაა. ყოფილი ელჩის თქმით, სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე პრეზიდენტ ობამას კარიერა და მისი საპრეზიდენტო მემკვიდრეობაა.

"ის რაც ხდება უკრაინაში და დაიწყო საქართველოში, ეს არის მსოფლიო წესრიგის რევიზია ცივი ომის შემდგომ. ოღონდ, უკრაინის შემთხვევაში, ამას ემატება უკვე სხვა ელემენტებიც, მაგალითად, ბირთვული განიარაღების თემა. მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, რადგან თავის დროზე მიიღო გარანტიები და ჩვენ ახლა ამ გარანტორების ქმედებებს ვაკვირდებით. ასევე დგას ტერიტორიული ზომის საკითხი, მნიშვნელობის საკითხი. ამდენად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახლა, ეს არის მსოფლიო წესრიგი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის შემდეგ. დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფასეულობა. მაგალითად, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეუთო-ს თუ რუსეთს გაუვიდა ეს ყველაფერი. გადაიხედება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება NATO-ს კონცეფცია ანუ NATO-ს შეიძლება მოუწიოს თავისი ძველი კონცეფციების ნაფტალინიდან ამოღება, რადგან იგივე სცენარი ვითარდება, რაც იყო ადრეული დაპირისპირებისას. ასევე, დიდი რვიანის თემა, რა უნდა რუსეთს საერთოდ ევროსაბჭოში. შესაბამისად, კრიზისი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე რომელიმე ერთი ლიდერის საგარეო პოლიტიკა. ობამას ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მოწოდებულია რომ საკადრისი პასუხი გასცეს, როგორი იქნება ეს პასუხი, ამას ალბათ ეს დღეები გვაჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს მიეცემა ამ ეტაპზე ეკონომიკური სანქციების ფორმა, თქვენ ნახეთ რუსულმა ბაზარმა როგორი რეაგირება მოახდინა ამ კრიზისზე. ვფიქრობ, რომ მაგნიტსკის სია შეიძლება გაფართოვდეს და დაწესდეს წერტილოვანი სანქციები. ეკონომიკური და დიპლომატიური განზომილება იქნება წინ წამოწეული და უნდა ველოდოთ სამხედრო კომპონენტზე ფიქრსაც, ოღონდ რა ფორმით, ეს ძნელი სათქმელია" - აცხადებს იაკობაშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინის კრიზისი ობამასთვისაც დიდი გამოწვევაა, რადგან ახლოვდება შუალედური არჩევნები კონგრესში და ამას შიდაპოლიტიკური განზომილებაც აუცილებლად ექნება.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად იზიარებს კრიტიკოსების შეფასებას, რომ ამერიკას კრიზისზე არ ჰქონდა ნაფიქრი და პროცესში უწევდა მოფიქრება თუ როგორ ეპასუხა რუსეთის ქმედებისთვის, იაკობაშვილი პასუხობს, რომ ეს არამხოლოდ ამერიკას, არამედ, ზოგადად დასავლეთს ეხება.

"სამწუხაროდ, მოვლენები ვითარდება არა ერთი სცენარით, როცა დასავლეთს ჰქონდა თავისი ხედვა მსოფლიო წესრიგისა, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე, მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს ადგილობრივი მოვლენები, იქნება ეს ეგვიპტეში, უკრაინაში, კორეაში.. აშშ, როგორც ევროპა უფრო რეაგირებს, ვიდრე მას აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა. თუ არ გაქვს ხედვა, არ გაქვს სცენარებიც. ეს სერიოზული პრობლემაა, ამაზე ბევრს საუბრობენ ამერიკაშიც და ევროპაშიც. თუმცა, ამ ეტაპზე, უფრო სწორი იქნება ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და არა იმაზე - ვისი ბრალია" - თქვა იაკობაშვილმა ტაბულას ეთერში.

კომენტარები