NATO

“დააკაკუნეთ და გაგეღებათ”

ზურაბ ჭიაბერაშვილი
0 კომენტარი

- მაპი რა არის?
კითხვა ფილმიდან
"ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი"

 

ეს სტატია ჟურნალ ტაბულას ბეჭდური ვერსიისათვის დაიწერა 28 თებერვლის დილას, ვიდრე შუადღეს რუსეთის პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოს მიმართავდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნით. განვლილმა დღეებმა ბევრჯერ შეცვალეს ჩვენი განწყობა – ოპტიმისტური პროგნოზების კეთებიდან უცბად გადავდიოდით პესიმისტურ პროგნოზებზე და პირიქით.

წერილს აქტუალობა რომ არ დაეკარგა, ტაბულას რედაქციამ მისი ბლოგზე განთავსება გადაწყვიტა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ღია სამხედრო აგრესიაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციებმა, აგრეთვე, გერმანიის ხელისუფლების პოზიციამ წერილის ავტორის მიერ დასმული კითხვები კიდევ უფრო გაამწვავა.

„მხარს ვუჭერთ ბუქარესტის და ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნას NATO-ს ყველა წევრი ქვეყნების მიერ მიმდინარე წლის NATO-ს სამიტზე", – აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე-4 პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ამ სიტყვებმა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერებს საქართველოში – შიდაპოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებების მიუხედავად – ერთგვარი შვება მოჰგვარა.

ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, „ცივი წყალი გადაესხა" პოლიტიკური ოპონენტებისა და იმ სკეპტიკოსებისათვის, რომელთაც დღემდე ეჭვი შეაქვთ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთა მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის შესახებ გაკეთებული განცხადებების გულწრფელობაში.

„საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა", – გვამცნობს სააგენტო news.ge .

პოლიტიკურ ოპონენტებს (მეც, მათ შორის) და ქართული საზოგადოების ხელისუფლებისადმი სკეპტიკურად განწყობილ ნაწილს სრულიად ლეგიტიმურად გვაინტერესებს კონკრეტული კითხვები: რა? როგორ? როდის? შეფასებების გაკეთება და მოვლენათა განვითარების პროგნოზირება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან ასე უფრო ადეკვატური იქნება.

ვიდრე ამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ველოდებით, ისღა დაგვრჩენია ერთმანეთს შევადაროთ ის რეაქციები, რომლებიც საქართველოში შეერთებული შტატებიდან მიღებულ ცნობებს მოჰყვა, და ის საერთშორისო კონტექსტი, რომელიც დღეს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრირებასთან დაკავშირებით არსებობს.

რაც შეეხება რეაქციებს საქართველოში, ღარიბაშვილის ვაშინგტონის ვიზიტმა გააჩინა იმედი, რომ NATO-ს 2014 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ სამიტზე შეიძლება MAP-ი (Membership Action Plan – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) „მოგვცენ".

ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტით შუაშისტების (მოქალაქე, რომელსაც, ნოდარ ლადარიას განმარტებით, „ნაცები სძაგს, ქოცობა კი უტყდება".) უდიდესი ნაწილი და კოალიცია ქართული ოცნების პროდასავლური ორიენტაციის მხარდამჭერები წელში გაიმართნენ და, სულ მცირე, ირონიულად ზემოდან გადმოხედეს შუაშისტობის მცირე სტაჟის მქონეებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდამჭერებს (ამათში პროდასავლური ორიენტაციის ისედაც ყველაა). მათ, რა თქმა უნდა, უხარიათ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებს მთავრობის საგარეო-პოლიტიკურ უმწიფარობაზე ქილიკის საფუძველი თუ მოესპობათ.

მაგრამ ამ აღტყინებაში უპირველესად ის იკითხება, რომ მათ თავადაც აფიქრებდათ და აეჭვებდათ ორი რამ: (1) რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს ხელისუფლების კურსის გაცხადებული პროდასავლურობა; (2) ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი გულს ხომ არ აუცრუებდა დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ღარიბაშვილის ვაშინგტონის ვიზიტმა ამ ადამიანებს „დარდი გაუქარვა" და სიმშვიდე მოუტანა, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.

შუაშისტობის მცირე სტაჟის მქონენი (ანუ ისინი, ვისზეც გამოცდილი შუაშისტები ღიად თუ ფარულად ეჭვობენ, რომ მაინც „ფარული ნაცები" არიან) პირველები გამოვიდნენ ავანსცენაზე ხელისუფლებისადმი მოწოდებით: ე, ბიჭო, ასე თუ გააგრძელებთ, ჩვენ თქვენი ჯიბრი კი არ გვაქვსო.

რა თქმა უნდა, კონკრეტული კითხვები – რა? როგორ? როდის? – მათთვის ძალაში რჩება, მაგრამ ფიქრობენ, რომ ასეთი პოზიცია მეტ ლეგიტიმაციას მისცემთ მომავალში, პრემიერი ღარიბაშვილი „მიუნხენის" მსგავს ჩავარდნებზე აკრიტიკონ, აგრეთვე, ხელისუფლებას შეფასების რეალისტური კრიტერიუმები დაუწესონ.

მოკლედ, ეს საყოველთაო აღტყინება იქამდე მივიდა, რომ ჩვენი საერთო-ქართული გულის ხვაშიადი და ოპონენტებისადმი ნიშნის მოგება ერთმანეთში აირია და MAP-თან დაკავშირებით მივიღეთ იმედების იმგვარი ნაზავი, რომელიც სტადიონზე მისულებს ყველას გვაქვს ხოლმე გულის კუნჭულში: კი ვიცით, რომ გერმანიას ან საფრანგეთს ფეხბურთში ვერ მოვუგებთ, მაგრამ რა იცი, ბურთი მრგვალია.

ვიდრე გავაგრძელებ, ორი აუცილებელი განმარტება: (1) ბედნიერი ვიქნები, თუ შემოდგომაზე ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილი ყველა დაჯგუფების წევრი ამ წერილს „ნაცებისათვის დამახასიათებელ არაადეკვატურობად" (სტაჟიანი შუაშისტის ტერმინია) ჩამითვლის; (2) ჩემი ღრმა რწმენით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

ახლა საერთაშორისო კონტექსტს შევხედოთ და, პირველ რიგში, ის გავიხსენოთ, ვინ და რა მოტივებით გადაგვეღობა 2008 წლის აპრილში, როცა MAP „არ მოგვცეს". ისევე როგორც დღეს, მაშინაც

  • შეერთებული შტატები (კონგრესი და, რაც მთავარია თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი) მხარს უჭერდა საქართველოსათვის MAP-ის მინიჭებას, მაგრამ საჭირო იყო ამაში გერმანიის დარწმუნება
  • ევროპული (გერმანული) დღის წესრიგში იდგა საკითხი (მაშინ კოსოვო და ახლა უკრაინა), რომლის გამო ანგელას უწევს ვლადიმირ პუტინთან იმგვარი საუბარი, რომ კიდევ სხვა საკითხის წამოწევის არანაირი რესურსი (მერკელის მხრიდან ინტერესი რომც იყოს) არ არსებობს
  • ევროპას (გერმანიას) არ აქვს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის შეგრძნება (შეგნებულად არ ვამბობ სიტყვას „გარანტია", რომელსაც საქართველოს ყველა ხელისუფლება დაუფიქრებლად გაიღებს)

როგორი გულუბრყვილობაც იყო ის, რომ თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილის და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის შეცვლა რუსეთის გეგმებს შეცვლიდა საქართველოსთან მიმართებით, ანალოგიური გულუბრყვილობაა იმის წარმოდგენა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მომხდარი პოლიტიკური ცვლილება ავტომატურად შეცვლის გერმანიის პოზიციას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხში.

შეერთებული შტატები (და მასთან ერთად, ევროპის ბევრი ქვეყანა) მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს NATO-ში გაწევრიანების უფლება და რეალური შანსი სხვა, NATO-ს არაწევრი სახელმწიფოს (იგულისხმება რუსეთი) პოზიციის მიუხედავად. გერმანია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს NATO-ში გაწევრიანების უფლება და რეალური შანსი სხვა, NATO-ს არაწევრი სახელმწიფოს (ასევე იგულისხმება რუსეთი) პოზიციის გათვალისწინებით.

შეერთებული შტატები (და მასთან ერთად, ევროპის ბევრი ქვეყანა) სახელმწიფოს NATO-ში გაწევრიანებას უყურებს, როგორც წევრობისათვის ამ ქვეყნის მომზადების პროცესს. გერმანია სახელმწიფოს NATO-ში გაწევრიანებას უყურებს, როგორც ამ ქვეყნის NATO-ს წევრობისათვის რუსეთის მომზადების პროცესს.

ამ ჩვენთვის არასასურველმა ფაქტმა გერმანიაზე არ უნდა გაგვაბრაზოს. ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესი და, შესაბამისად, მიდგომები აქვს. გერმანული მიდგომების მომხრე ჩემმა მეგობარმა დიპლომატმა უკრაინასთან დაკავშირებით მითხრა: „ბრიუსელი უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროდან გამოყვანის პროცესს ტექნიკურად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით ნიღბავდა. პუტინი სულელი არაა. ამიტომაცაა საჭირო, რომ ასეთ საკითხებზე წინასწარ შეთანხმება მოხდეს".

ჩემი მხრიდან ერთგვარი სპეკულაციაა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული შემდეგში: როდესაც პრეზიდენტ რეიგანს 3-ჯერ ამოუშალეს ცნობილი „ბერლინის სიტყვიდან" ფრაზა „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!" [ეს ნამდვილად ასე იყო – ზ.ჭ.], თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლები არგუმენტად არა რუსეთის, არამედ გერმანიის მხარის რეაქციას იშველიებდნენ. სავარაუდოდ, მრჩევლების გაგებით, თავად გერმანიის ხელსუფლებას არ მოეწონებოდა ეს „პროვოკაცია".

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ჰგონიათ, რომ ბერლინის კმაყოფილება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების „ნორმალიზაციით" და ზურგზე მეგობრულად ხელის მოთათუნება – რა ჭკვიანად იქცევით – არსებითად შეცვლის გერმანიის პოზიციას (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!). უბრალოდ, მერკელის სასაუბროდან ერთი მტკივნეული საკითხი ვარდება და ვის უყვარს ზედმეტად თავის შეწუხება?
შესაბამისად, თუ ვიკითხავთ, რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ, მხოლოდ ცვლადები: „ობამა" „ბუშის" ნაცვლად, „უკრაინა" „კოსოვოს" ნაცვლად, „მარგველაშვილი" „სააკაშვილის" ნაცვლად. ამ თვალსაზრისით მართალი იყო პრეზიდენტი სააკაშვილი (მომიტევეთ პოლიტიკური მიკერძოებულობა), რომელმაც მიუნხენში თავი აარიდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხზე კომენტარს და განაცხადა, რომ ახლა მთავარია, მოხდება თუ არა „გლობალური ძვრა" და მისცემს თუ არა მას ბიძგს უკრაინის მოვლენები.

„გლობალური ძვრა", რაც რუსეთის და, შესაბამისად, გერმანიის პოზიციების შეცვლაზე უნდა აისახოს, სამწუხაროდ, NATO-ში საქართველოს წინაპირობაა. თუმცა არასაკმარისი.

ზემოთ უკვე ვახსენე, რომ აუცილებელია ჩვენს პარტნიორებს სჯეროდეთ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის. ეს არ ნიშნავს ხელისუფლების უცვლელობას. ეს ნიშნავს, მთავრობების შეცვლის მიუხედავად, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსების მეტ-ნაკლებ სიმყარეს და, როგორც მინიმუმ, არადიამეტრალურ, პროგნოზირებად ცვლილებებს.

წერილში „ევროინტეგრაციის პროცესი და ქართული ეკონომიკის ზრდა" ვწერდი, რომ „ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპზე მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვღელავდეთ, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, არამედ იმიტომაც, რომ ეკონომიკური განვითარების დღევანდელ დონეზე მყოფი საქართველო ვერ იქნება მიმზიდველი ევროკავშირისთვის, სხვა ხელისშემშლელი პოლიტიკური ფაქტორებიც რომ არ იყოს".

იგივეა ძალაში NATO-ს წევრობისათვის, რადგან, ჯერ ერთი, „ეკონომიკის ზრდა და ბიუჯეტში მეტი სახსრების აკუმულირება გადამწყვეტია NATO-ს და ევროკავშირის წევრობისთვის ხელისშემშლელი სხვა პოლიტიკური ფაქტორების ნეიტრალიზებისთვის" და, მეორეც, NATO-ს წევრობით მოტანილი ვალდებულებების შესრულებას ასევე ძლიერი ქართული ეკონომიკის არსებობა სჭირდება.

შესაბამისად, მიზანი, რომელიც ყველას გვაქვს, „ვაშინგტონის ვიზიტის" ინტერპრეტაციებზე გაცილებით მეტია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები