საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

GFF: ნაკრები თეთრი და ლურჯი ფერების მაისურით არაოფიციალურ თამაშებს გამართავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მაისურით, რომელიც თეთრ და ლურჯ ფერებშია, არაოფიციალურ მატჩებს ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თათა ბურდულმა ტაბულას განუცხადა.

”გუშინ არასწორად იქნა გაგებული ის მესიჯი, რომელიც ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. მან ჟურნალისტებს ის მაისური აჩვენა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხვალინდელ, არაოფიციალურ, ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნაკრები ყველა თამაშს ამ მაისურით ითამაშებს.

რაც შეეხება ზოგადად ახალ მაისურებს, რომლითაც ნაკრები ითამაშებს, საქართველოს ნაკრებს ექნება 3 სხვადასხვა ფერის მაისური, როგორც არის მიღებული სტანდარტებით. საერთაშორისო ოფიციალურ საშინაო მატჩებს საქართველოს ნაკრები ჩაატარებს წითელი თეთრი ზოლებით მაისურით, საერთაშორისო საგარეო მატჩებს ნაკრები ითამაშებს შავი თეთრი ზოლებით მაისურით, რაც შეეხება არაოფიციალურ მატჩებს, ნაკრები მესამე ფერით - თეთრი ცისფერი ზოლებით მაისურით ითამაშებს. საქართველოს  ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება, ითამაშებს წითელი თეთრი ზოლებით მაისურით. გასვლით მატჩებზე ფეხბურთელებს ეცმევათ შავი თეთრი ზოლებით მაისური”, - განაცხადა ბურდულმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმა შეიცვალა. 

კომენტარები