ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირმა საქართველოს 21 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოუყო

David Usupashvili Official/Facebook.com

სახელმწიფო ფინანსების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა საქართველოს 21 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოუყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ევროკომისარმა შტეფან ფულემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მოაწერეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული, რომელსაც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია უწევს საქართველოს. მაგრამ, ყველასთვის ცნობილი მოვლენების ფონზე დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში იმყოფება  ბატონი ფულე და ხელი ეწერება მორიგ შეთანხმებას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე" - თქვა პეტრიაშვილმა.

გარდა ამისა, დღესვე, ევროკავშირის ინსტიტუციური მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ მოაწერეს ხელი. პარლამენტის სახელისუფლებო ზედამხედველობის ახალი შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაზრდისა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი როლის განმტკიცებისთვის, საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების დაფინანსების ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს როლს კიდევ უფრო გაზრდის.

“ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მომავალი სამი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტისთვის დახმარების გაწევას. იმისთვის, რომ პარლამენტი პირველ რიგში კიდევ უფრო აქტიური რომელიც მართლაც ხალხის წარმომადგენელი და ხალხის სამსახურშია და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. რომ ევროპა ჩვენი სურვლი და ორიენტირი კი არ იყოს, არამედ ევროპული სტილის სახელმწიფოს ჩამოყალიბება შევძლოთ.ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ახლა, სწორედ დღეს, ჩვენს თვალწინ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი ევროკავშირთან არის კიდევ ერთი რეპეტიცია იმისა, რომ გაცილებით მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერთ ხელს და ამის მოწმენი მალე გავხდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები