აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის ჯილდო სიმამაცისთვის ქართველ ეპისკოპოს ქალს

U.S. Department of State/Facebook.com

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ ეპისკოპოს ქალს რუსუდან გოცირიძეს (საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია) მიანიჭა “საერთაშორისო მამაცი ქალის ჯილდო”. მეუფე რუსუდანს ეს ჯილდო ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ გადასცა.

დაჯილდოებას ასევე უნდა დასწრებოდა სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მას მოუწია სასწრაფოდ კიევში წასვლა, რის გამოც დაჯილდოებას მის ნაცვლად, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰეზა ჰაიგინ ბოტომი დაესწრო.

სახელმწიფო მდივნის ყოველწლიური საერთაშორისო მამაცი ქალის ჯილდო დაწესებულია 2007 წელს იმისათვის, რათა დაფასდეს იმ ქალების ღვაწლი, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმამაცით და წინამძღოლობის უნარით ისეთ საქმეებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების, ქალთა თანასწორობის დაცვა და სოციალური პროგრესის ხელშეწყობა, ხშირად პირადი რისკის ფასად. ჯილდოს დაარსების დღიდან, სახელმწიფო დეპარტამენტმა 76 ქალი დააჯილდოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ერთადერთი ჯილდო, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემს.

მეუფე რუსუდანს ეს ჯილდო მიანიჭეს გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს უმცირესობების უფლებების დაცვისათვის, რელიგიური თავისუფლების მისაღწევად გაწეული ბრძოლისათვის, - განსაკუთრებით საქართველოს მუსლიმური უმცირესობისათვის, - და საქართველოს ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისათვის.

“შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ ფართო პასუხისმგებლობას, რათა ბოლო მოუღონ შეუწყნარებლობას ყველა ადამიანისადმი და განსაკუთრებით ყველა მარგინალიზებული ადამიანის მიმართ. ეს ჯილდო არის სიმბოლო ორი ქვეყნის გაერთიანებული ძალისხმევისა დისკრიმინაციისა და შეუწყარებლობის ყველა გამოვლინების მიმართ.”– ნათქვამია შეეთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

მეუფე რუსუდანის გარდა, აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთმა ევროპელმა მიიღო. რუსლანა ლიჟიჩკო, რომელიც უბრალოდ რუსლანად არის ცნობილი, ნოემბრის თვიდან მოყოლებული, ევრომაიდანზე მომიტინგეებს წარმოადგენდა. უკრაინის ევროპათან ინტეგრაციისათვის ბრძოლის გამო, მას მეტსახელად “ღამის კიევის დედოფალს” და “რევოლუციის ხმას” უწოდებენ.

ჯილდოს მიმღებთა სიაში არიან ასევე: როშიკა დეო (ფიჯი), დოქტორი ირის იასმინ ბარიოსა (გვატემალა), ფატიმა ტატურე (მალი),
დოქტორი მაჰა ალ მუნიფი (საუდის არაბეთი), ლაქსუმი (ინდოეთი), ოინიხოლ ბობონაზაროვა (ტაჯიკეთი), და ბეატრის მთეთვა (ზიმბაბვე).

კომენტარები