დაძაბულობა ყირიმში

კერი: თუ რუსეთი სიტუაციის დეესკალაციას არ მოახდენს, ის იზოლაციაში მოხვდება

თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას არ მოახდენს, ის იზოლაციაში მოხვდება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

”მე აქ პრეზიდენტ ობამას ინსტრუქციით მოვედი და ჩვენი აზრი აბსოლუტურად ნათელია, ჩვენ გვსურს დაძაბულობის დეესკალაცია მოხდეს. მაგრამ თუ რუსეთი ამ გზას არ აირჩევს, თუ ოფიციალური მოსკოვი პირდაპირ უკრაინის მთავრობასთან არ ითანამშრომლებს, მაშინ ჩვენს პარტნიორებს არ დარჩებათ გამოსავალი გარდა იმისა, რომ შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად გადადგან ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოსაქცევად”, - განაცხადა კერიმ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისთვის ნათელია, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გაღვივებას რუსეთი უწყობს ხელს.  

”ჩემი აზრით, ნათელია, რომ რუსეთი ყველანაირ წინაპირობას ქმნის, რათა უკრაინაში შეჭრა გაამართლოს. უკრაინელი ხალხი თავის ძალასა და მიზანს ერთობით ახორციელებს. რუსეთის მთავრობა კი, ყველანაირი გამართლების გარეშე, პროვოკატორებისა და მატყუარების ზურგს ამოფარებული მოქმედებს”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.  

კერის განცხადებით, უკრაინა დახმარების პაკეტს მიიღებს, რათა ქვეყნის ეკონომიკამ სტაბილურობა აღიდგინოს.

”ჩვენ ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გადავცემთ უკრაინას დახმარების პაკეტს, რათა ქვეყანამ მოკლე ვადაში ეკონომიკური სტაბილურობა აღადგინოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გაზრდა შეძლოს”, - განაცხადა კერიმ.  

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ  პუტინის სიტყვების არავის სჯერა და დასავლეთის დადანაშაულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში სასაცილოა.

”მიმდინარე მოვლენების პუტინისეული ინტერპრეტაციით არა მგონია ვინმე სულელდებოდეს და ამას იჯერებდეს. უკრაინას შესწევს ძალა, იყოს როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის მეგობარი ისე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენცია არ მოხდეს, განსაკუთრებით - მილიტარისტული”, - აღნიშნა ობამამ.  

 

კომენტარები