ფეხბურთი

რონალდუ და ოქროს ბიჭები

ირაკლი მაღრაძე
0 კომენტარი

მადრიდის რეალის საწვრთნელი ბაზის ერთ-ერთ ოთახში, კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი და სამედიცინო გუნდის წევრები ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სახლებში წასასვლელად ემზადებოდნენ. პორტუგალიელი მცირე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადიოდა და უკვე გრძნობდა, რომ მოედანს ჯანმრთელი და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში მყოფი დაუბრუნდებოდა. ბაზიდან გასვლამდე, რონალდუმ ექიმებს უთხრა: ახლა ისე კარგად ვარ, თუ წელს ოქროს ბურთს მოვიგებ, ხუთივეს რომელ ავტომობილსაც მოისურვებთ, იმას გიყიდითო...

კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი
გასული წლის მნიშვნელოვანი ნაწილი, კრიშტიანუ რონალდუს მთავარმა კონკურენტმა ლიონელ მესიმ, ტრავმის გამო გამოტოვა. დღეს ბევრი თვლის, რომ ამ ფაქტმა იქონია მთავარი გავლენა FIFA-ს ოქროს ბურთის მფლობელის გარკვევაში. ეს სიურრეალისტური ვარაუდია, რომელსაც არ შევუერთდები, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია – ჯანმრთელ, მოთამაშე მესისთან კონკურენცია, პორტუგალიელს ათმაგად გაუჭირდებოდა. ჰოდა, იქნებ ამიტომაც შეჰპირდა ფიზიოთერაპევტს და სხვა ბიჭებს ახალთახალ მანქანებს? ასე არარეალურად ეჩვენებოდა არგენტინელი გენიოსის უკან ჩაჩოჩება, რომ გარისკა და ახლა სოლიდური თანხის გაღება მოუწევს? ასეა თუ ისე, როგორც ესპანურ პრესაში დაიწერა, რონალდუ პირობას შეასრულებს და ექიმებს მანქანებს ჩამოურიგებს.

თავად ბუგატი ვეირონით დადის. ხომ იცით ეს უსწრაფესი იტალური ავტომობილი – 1200 ცხენის ძალა რომ აქვს? მისი პატრონიც მოედანზე ასეთივეა – უცებ იფეთქებს, მიჰქრის მეტოქის კარისკენ, აკეთებს თავბრუდამხვევ მანევრებს და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც შეუდარებელია. 66 გოლი 56 თამაშში – ასეთია 2013 წელს რონალდუს შედეგიანობის მაჩვენებელი. რა გასაკვირია, რომ გოლების უმრავლესობა სამეფო კლუბის შვიდმა ნომერმა, სწორედ საკუთარი კლუბის ფორმით გაიტანა – 46 მატჩში 56. წინა სეზონში პორტუგალიელმა 3-ით ნაკლები შეაგდო და თან 71 შეხვედრაში, ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

ლიონელ მესი და მისი ოთხი ოქროს ბურთი
2013 წელს კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მოპოვების ყველაზე აშკარა ფავორიტი იყო. საუკეთესო ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა, ასევე ჟურნალისტებმა გამოავლინეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველ არჩევნად ინიესტა აირჩია, მეორე ადგილზე ანდრეა პირლო გაიყვანა, ხოლო სამეული ედინსონ კავანის დააგვირგვინებინა. არ ვიცი, რამდენჯერ უყურა შარშან კანკავამ რონალდუს თამაშს, მაგრამ მის მიერ არჩეული ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელები ნუ მიწყენენ და შარშანდელ სეზონს თუ გადავხედავთ, საბოლოოდ არჩეულ სამეულთან მიახლოების ღირსნი არ იყვნენ.

რონალდუს ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა ნაკრებში ჩატარებულმა მატჩებმა, განსაკუთრებით კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პლეიოფში შვედების წინააღმდეგ მისმა ბენეფისმა. კუნძულ მადეირაზე დაბადებულ სუპერვარსკვლავს დიდი ხნის განმავლობაში საყვედურობდნენ, რომ ნაკრებში კლუბთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიული იყო. დღეს ამას ვერავინ იტყვის, რადგან ბავშვისთვისაც აშკარაა, რომ პორტუგალია ერთ ადამიანზე დგას და ეს კრიშტიანუ რონალდუა. შვედეთის და პორტუგალიის ნაკრებებში რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობს და მათი ნიჭის თუ შრომისმოყვარეობის დაკნინება არ მსურს, მაგრამ ის, რაც ამ ორი ეროვნული გუნდის დაპირისპირებაში მოხდა, იყო ორი ტიტანის შერკინება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი უდიდესი ფეხბურთელია, საუკეთესო ფორვარდი, რომელმაც რონალდუს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. დამარცხდა მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბერს სოლნაში ძალიან მაგრად ითამაშა და ლიდერის, სუპერვარსკვლავის ყველა თვისება გამოავლინა. უბრალოდ, რონალდუმ კიდევ უფრო მეტი გააკეთა... პირველ მატჩში ლისაბონში 82-ე წუთზე გაიტანა და მეორე (როგორც აღმოჩნდა, საოცრად საინტერესო და დრამატული) შეხვედრისთვის, საკუთარ გუნდს ფორა მისცა. სოლნაში რონალდუმ ბუგატი ვეირონივით აიწყვიტა, შვედი მცველები დაჯაბნა და ყვითლებს სტუმრადაც გაუტანა.

ერე საქმეში იბრა ჩაერთო – ჯერ თავით შეაგდო, შემდეგ კი 4 წუთში 17 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. იქ, სადაც რონალდუა, ეს საკმარისი არ არის: 2 წუთში მცველები და მეკარე ისაქსონი ორჯერ გაასწორა მიწასთან და თუ ეს წინადადება შეიძლება ვინმეზე ითქვას, მაშინ „ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მარტომ გაიყვანა".

ფრანკ რიბერი უეფას ჩემპიონთა ლიგის თასით
გუნდის ლიდერობაზე თუ მიდგა საუბარი, ასეთია მიუნხენის ბაიერნში ფრანკ რიბერი. 2013 წელს თუ გადავხედავთ, რონალდუმ ფრანგზე სამჯერ მეტი გოლი გაიტანა, ტრავმებით გაწამებულმა მესიმ კი თითქმის ორჯერ, მაგრამ ეს კომპონენტი რიბერის შესანიშნავი სეზონის შესაფასებლად არ გამოდგება. ბაიერნმა შარშან მთლიანობაში 5 ტიტული მოიგო და ამაში რიბერის წვლილი უდიდესია. დრიბლინგი და პასი – ეს ფრანგმა ყველაზე კარგად იცის. წლის განმავლობაში 18 შედეგიანი გადაცემა და პარტნიორებისთვის შექმნილი 149 მომენტი – აქ რიბერი კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. მთლიანობაში, ბაიერნის ნახევარმცველმა 2903 პასი გააკეთა, რაც მისი თამაშის სტილზე კარგად მეტყველებს და 22 გატანილ გოლს სხვა ელფერს სძენს. დრიბლინგი ვახსენეთ და რონალდუს 252-ის, ხოლო მესის 331-ის საპასუხოდ, რიბერიმ 2013-ში 1084 დააფიქსირა, რაც კონკურენტებზე თითქმის ოთხჯერ მეტია. დრიბლინგების სიმრავლიდან გამომდინარე, პროცენტული სიზუსტე ისეთივე არ ჰქონდა, როგორც პორტუგალიელს და არგენტინელს, მაგრამ ამას 943 მოგებული დუელი დაუმატეთ და სეზონი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოჩნდება. რონალდუსთვის და მესისთვის დაცვაში თამაში ძლიერი მხარე არ არის, რასაც ვერ ვიტყვით რიბერიზე. მეტოქე ფეხბურთელებს ბურთი 45-ჯერ აართვა და, შესაბამისად, ფრანგი ამ კომპონენტშიც აშკარა ლიდერია.

„თუ ფრანკმა ვერ მოიპოვა ოქროს ბურთი იმ წელს, როდესაც მოიგო ყველა ტიტული, პრობლემასთან გვაქვს საქმე. 50 წლის განმავლობაში ოქროს ბურთი გადაეცემოდა შედეგებისა და ტიტულების მიხედვით, მაგრამ როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჯილდოს FIFA გადასცემს, რაღაც შეიცვალა", – ეს სიტყვები ლეგენდარულ მიშელ პლატინის ეკუთვნის, რომელიც ამჟამად UEFA-ს პრეზიდენტია. მისი გულისწყრომა გასაგებია, რიბერი ხომ 30 წლისაა და კიდევ ექნება თუ არა ასეთი შესანიშნავი სეზონი, საეჭვოა. საგულისხმოა ისიც, რომ რონალდუს 1,365 ქულის შემდეგ, მესიმ 1,205 მიიღო და მეორე ადგილზე სწორედ ის გავიდა, რიბერი კი 1,127-ით მხოლოდ მესამე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მართლაც საოცარმა ნახევარმცველმა რონალდუს და მესის გვერდი დაუმშვენა და 2013 წელს გულშემატკივრებს იმდენად შესანიშნავი სეზონი აჩუქა, რომ დავიწყება ძალიან რთული იქნება.

ლიონელ მესი
გასული 4 ოქროს ბურთი ლიონელ მესის დარჩა. არგენტინელის საუკეთესოობა კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად არცერთხელ დამდგარა, წელს კი ყველაფერი შეიცვალა. 2014 წელი ამის გამო ძალიან საინტერესო იქნება, გავიგებთ, არგენტინელმა გენიოსმა რონალდუსთან დუელი ტრავმების გამო დათმო თუ პორტუგალიელის ერა დაიწყო. 2008 წელს, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, რონალდუმ პირველად დაიმსახურა ოქროს ბურთი. მას შემდეგ, ჯილდოს მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, სულ მესისთან ჭიდილშია და აქამდე ყველაფერი მისთვის წარუმატებლად სრულდებოდა. გასულ სეზონში მესიმ რონალდუზე 11-ით ნაკლები თამაში ჩაატარა და ის, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ საკმაოდ შედეგიანად დაბრუნდა, მის უმაღლეს კლასს ადასტურებს. უბრალოდ, აქ ერთი მომენტია, ის, რაც კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა, არა კარგი, არა მაგარი, არა შესანიშნავი – უბრალოდ, აბსურდულია... 56 მატჩში 66 გოლი – წარმოუდგენელი შედეგი, რომელმაც მესის ყოველგვარი შანსი მოუსპო.

ყველაფრის გათვალისწინებით, იმ 42 გოლს და 15 გადაცემასაც რომ თავი დავანებოთ და მხედველობაში 2013 წელს არგენტინელის ტრავმიანობა მივიღოთ, მესისთვის სეზონი შედგა. უბრალოდ, მას იმდენად ძლიერი კონკურენტი ჰყავს რონალდუს სახით, რომ მცირედი წაბორძიკება საკმარისია პირველობის დასაკარგად. საბოლოო ჯამში, დღეს, ვფიქრობ, მესი კვლავაც პირველია. მისი საუკეთესოობა არც ოქროს ბურთით იზომება და არც ერთი სეზონით, მით უმეტეს, რომ ისიც ძალიან კარგად ჩაატარა. ახლა ის კითხვა, რომელიც რონალდუმ მისდამი ნამდვილად მოხსნა, მესის აქვს დღის წესრიგიდან ამოსაღები. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც უამრავ სკეპტიკოსს უნდა დაუმტკიცოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად, რომელ სტადიონზე, ვის წინააღმდეგ, ის ერთნაირად მაგარია.

ფრანკ რიბერი
რონალდუ კი კვლავაც აგრძელებს მიზნისკენ სვლას. ის ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია. მიღწეულს შენარჩუნება სჭირდება, იმის დამტკიცება, რომ მესიზე უკეთესია, ერთი ოქროს ბურთით არ შეიძლება. კრიშტიანუმ ეს ყველაზე კარგად იცის. ბევრს პორტუგალიელი არ მოსწონს... პიროვნებას ვგულისხმობ, თორემ როგორც ფეხბურთელი, მისი არმოწონება სისულელე მგონია. ის ხშირად აკეთებს გამომწვევ განცხადებებს, თუნდაც იმავე მესის მისამართით. გასულ წლებში, როდესაც საუკეთესოდ მესის ასახელებდნენ, ხან დამცინავად იღიმოდა, ხან ჩხუბობდა, მაგრამ რაც უფრო მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავზე მუშაობდა.

ედეგიც მოვიდა – რონალდუ 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იქ, სადაც ადამიანი ფეხბურთს ასე ლამაზად, ასე მაგრად თამაშობს, მისი პიროვნების უარყოფით შტრიხებზე ფიქრი უადგილო მგონია.

კრიშტიანუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს, რადგან მამა 52 წლის ასაკში გაუთავებელი სმისგან გარდაეცვალა. ამბობს, სასმელი მამას მახსენებს და ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგებიო. არ აქვს ტატუები, რათა სისხლის ბანკში რეგულარულად ჩააბაროს სისხლი. ეხმარება ავადმყოფებს, სწორედ რონალდუს ფინანსური დახმარების წყალობით გადარჩა კიბოთი დაავადებული 9 წლის ბავშვი. 11 წლის იყო, როდესაც პატარა სტადიონზე ხალხს კრებდა, აყვირებდა, აგიჟებდა... გულშემატკივრები პატარა რონალდუს სანახავად ჯერ კიდევ მაშინ დადიოდნენ. 6 წლის შემდეგ, ლისაბონის სპორტინგში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. აი, აქ დაიწყო კრიშტიანუ რონალდუსა და დიდი ფეხბურთის ფლირტი. ის დღესაც გრძელდება და არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში მორჩება. დღეს ოქროს ბურთი მისია და ახლა ალბათ სამედიცინო გუნდის წევრებისთვის ახალი ავტომობილების ყიდვითაა დაკავებული. ასეთია რონალდუ – ვისთვის კარგი, ვისთვის ცუდი, თუ ბოროტი, რეალურად კი, 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კანცელარიასთან გაზპრომთან მთავრობის მოლაპარაკებები გააპროტესტეს

კომენტარები