კინო

დერეკ ჯარმენის ვიზუალური ამბოხი

როდესაც 2013 წლის აპრილში, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, მარგარეტ თეტჩერი სიცოცხლეს გამოესალმა, კინორეჟისორი კენ ლოუჩი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: „მარგარეტ თეტჩერი თანამედროვე სამყაროს ყველაზე დესტრუქციული პრემიერმინისტრი იყო... როგორ მივაგოთ მას პატივი? პრივატიზაცია გავუკეთოთ მის დაკრძალვას, გავიტანოთ ტენდერზე და ყველაზე დაბალ შემოთავაზებას დავთანხმდეთ. მას ასე ენდომებოდა". ბრიტანულ კინოში ლოუჩი არ იყო ერთადერთი, ვისაც „რკინის ლედი" გულზე არ ეხატებოდა. 1991 წელს, შიდსით ინფიცირებული დერეკ ჯარმენი წერდა: „როდესაც 1986 წლის 22 დეკემბერს ჩემი დაავადების შესახებ შევიტყვე, დავისახე მიზანი – საქვეყნოდ გამემჟავნებინა ჩემი საიდუმლო და მარგარეტ თეტჩერზე დიდხანს მეცოცხლა. მიზანი მიღწეულია".

20 წლის წინ, 1994 წლის თებერვალში, ლონდონის წმინდა ბართლომეს სახელობის საავადმყოფოში, დერეკ ჯარმენი რვაწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, ჯარმენის სურვილი ნაწილობრივ მაინც არ შესრულებულა. თეტჩერმა ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 19 წელი იცოცხლა, თუმცა ჯარმენმა კარგად იცოდა რასაც ამბობდა. 1990 წელს „რკინის ლედიმ" ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე მოღვაწეობა დაასრულა. ჯარმენი, ცხადია, პოლიტიკურ, და არა ფიზიკურ, სიკვდილზე საუბრობდა.

ტილდა სუინთონი ფილმში კარავაჯო
მხატვარი, დეკორატორი, მწერალი, რეჟისორი და უბრალოდ მებაღე, მაიკლ დერეკ ელვორთი ჯარმენი 1942 წლის 31 იანვარს, გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა ინგლისში. მამის ხშირი მოგზაურობის გამო, ბავშვობის წლები არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ინდოეთსა და იტალიაშიც გაატარა. ხელოვნების ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის შემდეგ, იგი უკვე ხელოვნების პრაქტიკულ კურსებს გადის საყოველთაოდ ცნობილ Slade School of Art-ში. რამდენიმე გამოფენის შემდეგ, ჯარმენის ცხოვრება თეატრსა და თეატრალურ მხატვრობას უკავშირდება და კინოსამყაროშიც სწორედ დეკორაციებით შემოაბიჯებს – კენ რასელის ფილმისთვის „ეშმაკები" (1971). დაახლოებით ამ პერიოდშივე, იგი თავად იწყებს ფილმების გადაღებას. თავიდან მისი კინოშემოქმედება 8-მილიმეტრიანი კამერით გადაღებული, მოკლემეტრაჟიანი, ე.წ. ჰოუმ-მუვის სტილში გადაღებული ფილმებით შემოიფარგლება. სიუჟეტის არატრადიციული განვითარება, სცენებს შორის „ლოგიკური" ბმების არარსებობა, დიალოგების სიმწირე, ნარატიულობაზე აბსოლუტური უარის თქმა – ჯარმენის ესთეტიკას მთლიანობაში „ტრეშთან" აახლოებს.

ჯარმენი ის რეჟისორია, რომელიც გააზრებულად ამბობს უარს კინოინდუსტრიაში რაიმე ფორმით ჩართვაზე. მისი ფილმების ზოგადი ხასიათი, არც კინოს, როგორც მედიუმის რედეფინიციით და არც მისი უარყოფით არის გამოწვეული. საქმე ისაა, რომ ჯარმენი ფილმის გადაღების დროსაც კი მხატვარია, რომელიც მართალია სხვა ადამიანებთან ერთად, მაგრამ მაინც უკიდურესად პერსონალურ, პირად, თითქმის ინტიმურ ტილოს ხატავს. ეს ეხება არა მხოლოდ მის შედარებით უცნობ, „სამოყვარულო" ფილმებს, არამედ ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებსაც. ეს „პირადი" და „ინტიმური" კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ის ორი სტიგმაა, რომლითაც მოუწია ცხოვრება ბრიტანელ რეჟისორს და რომელთა დამალვა არასდროს უცდია – ჰომოსექსუალობა და შიდსი, იმხანად გაცილებით ტაბუირებული თემები გახლდათ.

საკუთარი ჰომოსექსუალობის საჯაროდ გაცხადება, ტოლერანტობის თხოვნა თუ მოთხოვნა კი არა, რადიკალური ხასიათის პოლიტიკური ჟესტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯარმენი იყო „პროვოკატორი", რომლის მიზანიც, საკუთარი ეპატაჟურობით, ძალაუფლებისა და ტრადიციულობისკენ მიდრეკილი საზოგადოების გამოწვევა იქნებოდა. არადა, ერთი შეხედვით – ასე ჩანს. უილიამ შექსპირისა და კრისტოფერ მარლოუს მიმართ ბრიტანელთა ფაქიზი დამოკიდებულების მიუხედავად, ჯარმენი არც მათი ნაწარმოებების, „ქარიშხლისა" და „ედუარდ მეორის" საკმაოდ თამამი ეკრანიზაციების გადაღებას მოერიდა. (შექსპირს მან სხვა დროსაც მიმართა, როდესაც „ანგელოზთა დიალოგი" მთლიანად მის სონეტებზე ააგო).

ცოტა უცნაურად ჩანს, რომ ჯარმენი შთაგონების წყაროდ ჟან კოქტოსა და პიერ პაოლო პაზოლინის ასახელებდა (და არა სხვა რომელიმე „ავანგარდისტ" რეჟისორს, ან თუნდაც, ვიდეოარტისტს), მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ შემოქმედთა ესთეტიკურ გზას ის არ გაჰყოლია.

ჯარმენის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სებასტიანი" ლოკარნოს კინოფესტივალზე 1976 წელს იმავე სექციაში უჩვენეს, სადაც პაზოლინის „სალო ანუ სოდომის 120 დღე". ნიშანდობლივია, რომ „სებასტიანმა", მაყურებელთა რეაქციების თვალსაზრისით, „სალოს" ბედი გაიზიარა – პუბლიკა სტვენითა და გინებით ითხოვდა ჩვენების შეჩერებას. სწორედ ამ ფილმით იწყება ჯარმენისა და ჰომოფობიური საზოგადოების დაპირისპირება. ლათინურ ენაზე გადაღებული, „გეიხელოვნებისთვის" ასე ნაცნობი წმინდანის – სებასტიანის ისტორია, თითქმის ნატურალისტური და, ამავდროულად, სტილიზებული, შენელებული კადრებით ნაჩვენები ჰომოსექსუალური სცენები, რასაკვირველია, აღშფოთებას იწვევდა. მაგრამ „სებასტიანში" ეს ჰომოსექსუალური სცენები ერთგვარ ქორეოგრაფიად იქცევა და პირველ რიგში მაინც ვიზუალურ შთაბეჭდილებას ახდენს, მათ შორის, ჰომოფობ მაყურებელშიც კი. თავად რეჟისორი თავს მეამბოხედ და დაუმორჩილებლად არ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი შემოქმედება ტაბუებისა და დოგმების მსხვრევას, საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული აზრების გაქარწყლებას ემსახურებოდა.

ინგლისში მისი ყველაზე დაფასებული ფილმი „იუბილე", სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით, ერთ-ერთი პირველი „პანკფილმია" ბრიტანული კინოს ისტორიაში. სათაური პირდაპირ უკავშირდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის – ელიზაბეთ II-ის ტახტზე ასვლის 25-ე წლისთავს. ფილმში ელიზაბეთ I დროში მოგზაურობს და ათვალიერებს 400 წლის შემდგომი, ელიზაბეთ II-ის დროინდელ ლონდონს, სადაც პანკი ახალგაზრდების დიქტატურაა დამყარებული, დანაშაულის ცნება კი გამქრალია. მიუხედავად იმისა, რომ პანკური მოძრაობისადმი საკმაოდ თბილად იყო განწყობილი (ჯარმენს ეკუთვნის მუსიკალური ვიდეოები ისეთი ჯგუფისთვის, როგორიცაა Sex Pistols), ჯარმენმა საკმაოდ ტრაგიკული, აპოკალიფსური სურათი დახატა: თუ კადრები, სადაც ელიზაბეთ I და მისი ეპოქაა ასახული, ნოსტალგიურია, თანამედროვე ლონდონი ძალადობითაა სავსე, სადაც ბუკინგემის სასახლე პროდიუსერის სტუდიად იქცევა. ხელოვნების (და არამარტო) კომერციალიზაცია ჯარმენის შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ის პრინციპულად უარს ამბობდა მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებებზე და საყოველთაოდ მიღებულ, პროდიუსერულ-დისტრიბუციულ სქემაში გათქვეფაზე, განსხვავებით მისივე მუზის – ტილდა სუინთონისგან, რომელმაც 2007 წელს, „მაიკლ კლეიტონში" ნათამაშები როლისთვის ოსკარიც კი დაიმსახურა.

ჯარმენის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფილმი („კარავაჯო" 1986 – ვერცხლის დათვი ბერლინის კინოფესტივალზე), მაინც XVI-XVII საუკუნის იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ცხოვრებისა და შემოქმედების ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ეს პირველი ფილმია, რომელიც ავტორმა ტრადიციული, პროფესიონალური ფილმებისთვის დამახასიათებელი 35-მმიანი კამერით გადაიღო. კარავაჯოს ცხოვრებით ჯარმენის გატაცება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი ამბავი არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ ამ ორი ხელოვანის ბედისწერა, გარკვეულწილად, ჰგავდა ერთმანეთს – ორივეს გაუთავებელი პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებასა და ეკლესიასთან, ამასთან, ჯარმენი კარავაჯოს „ყველაზე ჰომოსექსუალურ მხატვრად" მიიჩნევდა. თამამი ექსპერიმენტები, მათ შორის, XVI საუკუნის სიუჟეტში თანამედროვე ნივთების ჩართვა, არც ამ ფილმისთვის იყო უცხო. მოგვიანებით, ბიოგრაფიულ ჟანრს კვლავ დაუბრუნდება და დაახლოებით ანალოგიურ სურათს გადაიღებს ფილოსოფოს ლუდვიგ ვიტგენშტაინის ცხოვრებაზეც.

1986 წელს ჯარმენმა დადებითი პასუხი მიიღო სამედიცინო ტესტზე, მას შიდსის ვირუსი დაუდგინეს. ეს ფაქტი შემდგომში მთლიანად განსაზღვრავს მის შემოქმედებით და სამოქალაქო აქტივობას – „მე არ მეშინია სიკვდილის, მე თავად კვდომის პროცესის მეშინია, ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია, სოციალური განდევნით გამოწვეული ტკივილის კი – არა", წერდა ის თავის დღიურებში. დაავადება თანდათან ძალას იკრებდა და რეჟისორის ჯანმრთელობას საფუძვლიანად არყევდა. ჯარმენს სულ უფრო და უფრო უჭირდა გადაადგილება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კინორეჟისორისთვის – უქვეითდებოდა მხედველობა.

განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში შექმნილი ორი ფილმი – „ბაღი" და „ლურჯი". ამ ნამუშევრებს, ალბათ, შეგვიძლია „ვიზუალური დღიურებიც" კი ვუწოდოთ. „ბაღი" ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფილმია ჯარმენის შემოქმედებაში – თანამედროვე სამყაროში გადმოტანილი ბიბლიური სიუჟეტები (თავად სათაურიც, ჯარმენის თქმით, არა მის საკუთარ, არამედ ბიბლიურ ბაღს უკავშირდება, რომელიც „მივიწყებულია"): მოგვთა თაყვანისცემა, სადაც ღვთისმშობელს (ტილდა სუინთონი) ნიღბიანი ფოტორეპორტიორებისგან უხდება თავის დაღწევა; ძალადობა გეი წყვილზე, რომლებიც ქრისტეს გზას „იმეორებენ" და ძალადობა ტრანსსექსუალზეც, ქვის სროლით („ვინც უცოდველია, პირველმა მესროლოს ქვა"); ჩამოხრჩობილი იუდა „საკრედიტო ბარათის რეკლამაში" (ფრაზით „მადლობა, იუდა, მადლობა, იუდა...") და ტილდა სუინთონის სასოწარკვეთილი ღრიალი – ყველაფერი ეს ტრაგიზმისა და უიმედობის განცდას ტოვებს.

ეს სიზმრისეულ-ჰალუცინაციური სამყარო გარკვეულწილად ჯარმენის უკანასკნელ ფილმსაც ახასიათებს. „ლურჯი" დერეკის შემოქმედების დასასრულია, სადაც იგივე ტილდა სუინთონი, ნაიჯელ ტერი, ჯონ ქუენტინი და თავად დერეკი, მისი ავადმყოფობის დროს, ძირითადად პალატაში ჩაწერილ დღიურებს კითხულობენ, ხოლო მთელი ეკრანი დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში ლურჯი ფერითაა დაფარული. ტექსტი წარმოსახვითობასა და რეალურ ამბებს შორის „მოძრაობს", დერეკის განცდებსა და გრძნობებზე, საკუთარი ავადმყოფობის მიმართ დამოკიდებულებაზე („არა ცხოვრება შიდსით, არამედ სიკვდილი შიდსით") მოგვითხრობს. ალბათ ყველაზე ექსპერიმენტული ფილმი, უცვლელი ლურჯი გამოსახულებით, უკვე თითქმის დაბრმავებული რეჟისორის ერთგვარი პასუხიცაა ხელოვნებისადმი. ერთგვარი მანიფესტი, კინოს „შავი (ლურჯი) კვადრატი", რომელიც ჯარმენის მთელი შემოქმედების ხასიათსა თუ ესთეტიკას იტევს.

კომენტარები