უკრაინის კრიზისი

პენტაგონის მაღალჩინოსანი უკრაინის კრიზისსა და აგვისტოს ომზე საუბრობს

შეიარაღებული პირები ბლოკავენ უკრაინის სამხედრო ბაზას ბალაკლავაში, 1-ლი მარტი
Anton Pedko / EPA

The Washington Post-ი უკრაინის კრიზისის შესახებ კონექტიკუტის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერის სტეფან ბენედიქტ დაისონის წერილს აქვეყნებს. სტატია სათაურით „რას ნიშნავს ყირიმისთვის რუსეთის შეჭრა საქართველოში" პენტაგონის მაღალჩინოსნის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფატასთან ინტერვიუს ეყრდნობა და უკრაინის კრიზისს 2008 წლის აგვისტოს ომის, როგორც წინამორბედი პრეცედენტის, ფონზე მიმოიხილავს.

დენიელ ფატა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის პასუხად აშშ-ის პოზიციების შეჯერებაში, მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამო პუტინი „არ დასჯილა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ". მისი აზრით, ის, რაც ყირიმში ხდება, 2008 წლის ომის გაგრძელებაა. ფატა იხსენებს, რომ 2008 წელს, კონფლიქტის პირველ ეტაპზე, აშშ-ში დაბნეულობა იყო, ამ დროისთვის მაღალი თანამდებობის პირები ადგილზეც არ იმყოფებოდნენ და შტატებსა და ევროპას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა. ფატასვე თქმით, კრიტიკული პირველი საათების განმავლობაში ყველაზე გამოსადეგ ინფორმაციას თბილისიდან ერთ-ერთი თანამშრომლის პირადი კონტაქტების მეშვეობით იღებდნენ.

ფატა ეჭვის თვალით უყურებს ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, თითქოს უკრაინაში ინტერვენცია რუსეთის მოქალაქეების დაცვას ემსახურება. პენტაგონის მაღალჩინოსანი იხსენებს, რომ პუტინი იმავეს დაჰპირდა შეერთებულ შტატებს საქართველოსთან დაკავშირებით და "მან მოიტყუა". როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პუტინის მიზანი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასრულება იყო; სააკაშვილი ომს გადაურჩა, თუმცა მისი პოზიციები შესუსტდა. რაც შეეხება ყირიმს, ფატა დარწმუნებულია, რომ პუტინის მთავარი მიზანი "კიევის დამორჩილებაა, იმ შემთხვევაში, თუ ეს მისთვის ძალიან მძიმე შედეგით არ დასრულდება".

დენიელ ფატა მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ახლა სამი მიზანი უნდა ჰქონდეს: შეჩერდეს რუსეთის ყველანაირი მცდელობა, უფრო წინ წაიწიოს უკრაინაში; შტატებმა დაარწმუნოს მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში, რომ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება და მესამე - განეიტრალდეს რუსეთის მიერ მიღწეული წარმატებები. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში აშშ-მა პირველ ორ მიზანს მიაღწია, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა, რომ რუსეთმა მონაპოვარი დათმოს. ფატას აზრით, ამ ამოცანების შესრულება გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ შტატების პოლიტიკა დამაჯერებელი იყოს რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. „ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვიყურებოდეთ სუსტად ან გაუბედავად. ეს ჯერ არ ნიშნავს მობილიზებას, მაგრამ ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მტკიცე და გვქოდეს რეალური, შესრულებადი გეგმა, თუ როგორ დავუჭერთ მხარს მოკავშირეებს".

ფატა ფიქრობს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ყურადღება მხოლოდ ყირიმზე არ უნდა ფოკუსირდეს და მათ რუსეთის მოძრაობას თვალი ყველა მიმართულებით უნდა ადევნონ. იგი იხსენებს, რომ 2008 წელს აშშ შეშფოთებული იყო რუსეთის პოტენციური აგრესიით სამხრეთ ოსეთში, მაგრამ შტატები გაოცებული დარჩა, როდესაც რუსეთმა სვლა აფხაზეთისკენ გააკეთა. ფატა თვლის, რომ აშშ-მა ეს შეცდომა ამჯერად არ უნდა დაუშვას: „მარტივად ვხედავ, სად შეუძლია პუტინს თავისი ძალების გადაადგილება, რათა დაასრულოს საქმე საქართველოში, სარგებელი მიიღოს აზერბაიჯანში, განათავსოს ბომბდამშენები, რომ შეავიწროვოს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოვლდოვა, რუმინეთი. ამიტომ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა რეგიონში ჩვენი მოკავშირეების მიმართ და დავრწმუნდეთ, რომ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს", - ამბობს ფატა.

მისივე აზრით, პუტინს ვერ შეაჩერებს რიტორიკული დაგმობა ან მისთვის უმნიშვნელო მუქარა - მაგალითად, როგორიცაა NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გაუქმება ან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება. ამის მაგიერ, დასავლეთის მუქარა პუტინისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უნდა ეხებოდეს. სტატიაში წერია, რომ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეუძლია, საკვანძო ფიგურად იქცეს ამ კრიზისში, რადგან ის არის „ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც პუტინისთვის მნიშვნელოვანია. მან უნდა აამოქმედოს ბერკეტები, რათა ეს აგრესია დაასრულოს".

დენიელ ფატა ვლადიმირ პუტინის მოქმედებების მოტივზეც საუბრობს. მისი აზრით, „პუტინს უნდა, რომ მოთამაშედ დაინახონ, დიდ ძალად, როგორც საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი". ფატა იხსენებს, როგორ უთხრა 2007 წელს მოსკოვში ვიზიტით მყოფ იმჟამინდელ თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს პუტინმა, რომ დასავლეთი „ვერ აფასებდა, რამდენად გამანადგურებელი და დამამცირებელი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა და რუსეთის იმპერიის დანაკარგი რუსი ხალხისთვის". მაშინ პუტინმა გეითსს ისიც უთხრა, რომ მისი მიზანი რუსეთის ეროვნული ღირსების აღდგენა იყო.

„ახლა მსოფლიოში რისკი იმდენადვე მაღალია, თუ არა მეტად", - ამბობს ფატა და ამატებს, რომ აშშ არ უნდა ჩასწიოს რუსეთის მოძლიერებამ - „ჩვენ გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რათა შევაჩეროთ პუტინი, მაგრამ საათი წიკწიკებს".

კომენტარები