რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები

გაზპრომი უკრაინას აპრილიდან გაზს გაზრდილი ფასით მიაწვდის

დიმიტრი მედვედევი და ალექსეი მილერი
Government of RF Official Website

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას შესაძლო ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე რუსეთისთვის გაზპრომი 4 მარტის განცხადებით პასუხობს.

გაზპრომის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ოქმის ნაწილი დიმიტრი მედვედევისა და ალექსეი მილერის (გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი) შეხვედრიდან. მილერმა მედვედევს მოახსენა რომ უკრაინას გაზპრომის ვალი აქვს და ხელშეკრულების მიხედვით შეუწყდება გაზის დისკონტირებული ფასით მიწოდება.

გაზპრომი უკრაინისგან 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზში 250 ამერიკული დოლარის ნაცვლად 400 ამერიკულ დოლარს მოითხოვს. პრივილეგია, რომლითაც უკრაინა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აქამდე სარგებლობდა, 1.6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ვალის გამო, შეწყვეტილი იქნება. ამის შესახებ გაზპრომის პრესსპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა, 1 მარტს განცხადება გააკეთა, 4 მარტს კი მილერმა ეს გადაწყვეტილება მედვედევთან შეათანხმა.

უკრაინამ 2014 წლის იანვარში, იანუკოვიჩის მთავრობის დროს, უკვე ითხოვა ბუნებრივი გაზის ვალის გადავადება, თუმცა გაზპრომს უკვე გადაწყვეტილი აქვს რომ უკრაინა სპეციალურ ფასად გაზის მიღების პრივილეგიას დაკარგავს ვალის გადაუხდელობის გამო.

დიმიტრი მედვედევმა, რომელსაც საკმაოდ ახლო კავშირი აქვს გაზპრომთან (პოლიტიკაში მოსვლამდე კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა), მილერთან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ გაზპრომის ვალის ის ნაწილი, რომელიც უკრაინამ დაფარა (მიწოდებული გაზის ღირებულების 50% დაფარულია) რუსეთისგან მიღებული საგარეო ვალის ხარჯზე მოხდა.

„პირველი: გაზპრომმა უკრაინის მხარეს აუცილებლად უნდა მოსთხოვოს არსებული დავალიანების სრულად დაფარვა. და მეორე, ის რომ გაზპრომი უკრაინას გაზს სპეც-ფასით აღარ მიაწვდის, აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილებაა" - განაცხადა მედვედევმა მილერთან შეხვედრისას.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაზპრომის აქციის ფასებზე გავლენა იქონიოს. ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს რომ უკრაინასთან ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსული გაზის 80% უკრაინაში არსებული სატრანზიტო მილებით მიეწოდება ევროპის კონტინენტს.

გაზპრომი აცხადებს, რომ კომპანია გააგრძელებს ინვესტირებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის South Stream-ი, რათა გაზარდოს წარმადობა და შესაბამისად ექსპორტის შესაძლებლობებიც. South Stream-ი გაზპრომის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის და ბულგარეთის გავლით ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას. 900 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა მილის მეშვეობით რუსეთი გაზს მიაწვდის ევროპას. პროექტს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და მოსალოდნელია რომ 2015 წლისთვის დასრულდება. 

სამომავლო გეგმების მიუხედავად, ამჟამად რუსული გაზის სატრანზიტო მილი უკრაინაზე გადის. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სანქციის სახით რუსული გაზის იმპორტს დღესვე შეწყვეტს რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. დანაკარგი 100 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც წლიური საგადასახადო შემოსავლის 25% და მთლიანი ექსპორტის 20%-ია.

რუსეთმა სანდო პარტნიორის იმიჯი 2009 წელს უკვე დაიზიანა, როდესაც უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა და ევროპის 18 ქვეყანა ცივ ზამთარში ბუნებრივი გაზის გარეშე დატოვა. არსებული რეალობიდან გამომდინარე ევროპა აქტიურად ეძებს რუსული გაზის ალტერნატივებს. თხევადი ბუნებრივი გაზის მიღების და ტრანსპორტირების ახალი ტექნოლოგიების განვითარება ევროპის ქვეყნებს საშუალებას აძლევს უახლოეს მომავალში გაზის იმპორტის ჩანაცვლება მოახდინონ ჩრდილოეთ ამერიკული და ნორვეგიული რესურსებით. 

 

კომენტარები