თბილისის ბიუჯეტი 2014

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

timer.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე საკითხს 41 მომხრე ჰყავდა , თავი ორმა დეპუტატმა შეიკავა. სულ ხმის მიცემაში 43 დეპუტატი მონაწილეობდა, ქვორუმი კი 24-ს შეადგენდა.

თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისათვის 88 მილიონ 713 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის - 156 მილიონ 450 ათასი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებისათვის - 69 მილიონ 500 ათასი ლარი, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის 12,5 მილიონი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისათვის 30 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებისათვის 186,673 მილიონი ლარი, განათლებისათვის - 84 მილიონ ლარზე მეტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის - 50 მილიონ ლარზე მეტი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის 23 მილიონ ლარზე მეტი.

ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც დაახლოებით 700 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო ბიუჯეტის ხარჯების პროექტით განსაზღვრულია 600 მილიონ ლარამდე.

ბიუჯეტის პროექტის მეშვიდე თავი მოიცავს მარეგულირებელ ნორმებს. მეშვიდე თავში რამდენიმე მუხლი უკავია, თუ რა მარეგულირებელი ნორმებით იმუშავებს საკრებულო საბიუჯეტო თანხების გასაკონტროლებლად.

შგახსენებთ, დღეს, მრავალი მცდელობის შემდეგ, თბილისის ბიუჯეტის პროექტზე მერიამ და საკრებულომ შეთანხმებას მიაღწიეს. საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო. 11 მარტისთვის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ქალაქის მთავრობას ცენტრალური ხელისუფლება დანიშნავდა.

კომენტარები