უკრაინინს კრიზისი

ყირიმელი თათრების ლიდერი ობამას ეთნიკური წმენდისგან გადარჩენას სთხოვს

რეფატ ჩუბაროვი
en.ria.ru

ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა და მოსალოდნელი ეთნიკური წმენდისგან დაცვა სთხოვა. ჩუბაროვის წერილში ნათქვამია, რომ ვითარება ყირიმში ძალზე დაძაბულია და „ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე გამოუსწორებელი მოხდეს".

„ნება მომეცით საჯაროდ მოგმართოთ ყირიმის ათასობით მკვიდრის - ყირიმელი თათრების, რუსების, უკრაინელების სახელით: ვინ და როდის შეაჩერებს სიტუაციის ესკალაციას ყირიმში და თავიდან აგვაცილებს საფრთხეს ყირიმის მაცხოვრებელთა სიცოცხლისთვის? ვინ და როდის აგვაცილებს თავიდან ახალი ეთნიკური წმენდის საშიშროებას, რაც ყირიმში შეიძლება მოხდეს უშუალო დაპირისპირების შემთხვევაში, რომლის პროვოცირებაც შესაძლოა სამხედროებმა ან პარამილიტარისტულმა ორგანიზაციებმა მოახდინონ?" - მიმართავს მეჯლისის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს. მის მიმართვას სააგენტო Unian ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხი მსოფლიოს შეუძლია იპოვოს მხოლოდ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან ერთად. იყავით გაბედული მშვიდობისა და სამართლიანობისთვის, ყირიმში მცხოვრები ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის", - აღნიშნავს ჩუბაროვი.

ყირიმში 300 ათასამდე ყირიმელი თათარი ცხოვრობს. ისინი რეგიონის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ყირიმელი თათრების უდიდესმა უმრავლესობამ მხარი უკრაინის ერთიანობას და ქვეყნის ახალ ხელისუფლებას დაუჭირა.

 

კომენტარები