დიდი და წმინდა კრება 2016

პირველიერარქები შეთანხმდნენ - 12 საუკუნის შემდეგ დიდი და წმინდა კრება შედგება

0 კომენტარი
პატრიარქები ხელს აწერენ მსოფლიო კრების მოწვევის დოკუმენტს ფოტო: amen.gr

სტამბოლში შეკრებულმა მართლმადიდებელმა პირველიერარქებმა და ეკლესიათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საერთომართლმადიდებლური "დიდი და წმინდა კრების" ჩატარება გადაწყდა. ბერძნული და თურქული პრესის ცნობით, ის 2016 წელს, სტამბოლში უნდა შედგეს. კრების მოსამზადებელ შეხვედრაზე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობლებთან ერთად იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც.

თუ დიდი და წმინდა კრება გაიმართება, ის მართლმადიდებელთა თვალთახედვით ეკლესიის ისტორიაში რიგით მერვე იქნება. მსოფლიო კრება ბოლოს პირველ ათასწლეულში, 787 წელს გაიმართა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომის პაპსა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის თანაზიარება არსებობდა, რაც დაგეგმილი კრების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

მსოფლიო კრების გადაწყვეტილებები სავალდებულოა თითოეული ეკლესიისა და თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ის საერთომართლმადიდებლურ, უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას ფლობს. მართლმადიდებელ თეოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთომართლმადიდებლური კრების მსოფლიო კრებად და სავალდებულოდ აღიარება დროსა და ისტორიაში გაწელილი პროცესია, მეორე ნაწილი კი ამავე კრებას შეუმცდარ ავტორიტეტს ანიჭებს, ყოველგვარი შემდგომი ლეგიტიმაციის გარეშე.

უცნობია რა პრინციპზე შეთანხმდნენ მართლმადიდებელი ეკლესიები, თუმცა აქამდე ბერძნული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ ეკლესიას მსოფლიო კრებაზე ეყოლება 20 წარმომადგენელი და გადაწყვეტილების მიღებისას ექნება ერთი ხმა.

ამასთან, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიმდინარეობდა დავა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უნდა იყოს ყოველი წევრის თანხმობა თუ უმრავლესობის. მოსკოვის საპატრიარქო მოითხოვს და ამაში მას საქართველოს ეკლესიაც ეთანხმება, რომ კრებამ გადაწყვეტილება თითოეული წევრის თანხმობით, ანუ კონსენსუსით უნდა მიიღოს. საეკლესიო მიმომხილველთა ნაწილის აზრით, მოსკოვი უფრთხის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიად აღიარებას და სურს საკუთარი თავისთვის ვეტოს უფლება დაიტოვოს. თუ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველი წევრის თანხმობა იქნება საჭირო, ეს ავტომატურად ნიშნავს მოსკოვისთვის ვეტოს უფლებას.

მსოფლიო საპატრიარქო კი თავის განცხადებებში აცხადებდა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსის მიღება თითქმის შეუძლებლად აქცევდა კრების ეფექტურად წარმართვას. მითუმეტეს მაშინ, როცა წარსულში მსოფლიო კრებების დროს, თითოეული წევრის თანხმობა საჭირო არ იყო. მეტიც, კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ისინიც, ვინც შემდგომ ერეტიკოსად გამოცხადებულან. 

რა პრინციპით მოხდება გადაწყვეტილების მიღება მართლმადიდებელი ეკლესიისა და თანამედროვე სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან არ გამოქვეყნებულა ხელმოწერილი დოკუმენტი. სავარაუდოდ ის დღეს, 9 მარტს უნდა გამოქვეყნდეს.

მსოფლიო კრებაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის განცხადებით უნდა დადგეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული კანონიკური პრობლემები. ავტოკეფალიების მინიჭების წესი, ეკლესიათა ტერიტორიულ იურისდიქციათა მიღმა მცხოვრები მართლმადიდებლების დამწყემსვის უფლებამოსილების საკითხი, სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან და რელიგიებთან ურთიერთობის, ეკუმენიზმისა და სხვა თემები. პატრიარქი ბართლომეოსი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უნდა იმეტყველონ ერთი პირით და მას შემდეგ, რაც შიდა პრობლემებს გადაჭრიან, მიმართონ თანამედროვე სამყაროს და გამოეხმაურონ უმწვავეს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სხვა პრობლემებს, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს პანორთოდოქსული კრების მოწვევის შესახებ ხელი არ მოაწერა ანტიოქიის საპატრიარქომ, იერუსალიმის საპატრიარქოსთან წარმოქმნილი ტერიტორიული დავის გამო, რამაც შესაძლოა კრების გამართვის პერსპექტივას ხელი შეუშალოს. გარდა იმისა რომ ანტიოქია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში პატივით მესამეა, თუ კრებამ კონსენსუსით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მისი გამართვა შეუძლებელი იქნება ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

იხილეთ: ხელმოწერის ვიდეოჩანაწერი

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები