ფარული ჩანაწერები თურქეთში

ერდოღანი: არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთში Facebook და Youtube დავბლოკოთ

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთში Facebook და Youtube დავბლოკოთ - ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, მისი ოპონენტები სოციალურ მედიას მასზე თავდასხმისთვის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ.

”ჩვენ არ დავტოვებთ ერს Youtube-სა და Facebook-ის იმედზე”, - განაცხადა ერდოღანმა.

სოციალური მედიის აკრძალვაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Youtube-ზე სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ერდოღანი თავის ვაჟს, ბილალს, კორუფციულ გარიგებებზე გამოძიების გამო, ათეულობით მილიონი დოლარის მოშორებას სთხოვს.

თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს ჩანაწერი მონტაჟია და მისი ოპონენტები, არჩევნების წინ, მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ერღოდანი კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ბოლო თვეებში ის ფეთულა გიულენს აქტიურად ადანაშაულებდა ქვეყნის ორად გახლეჩის მცდელობაში.

გიულენს, რომელიც ისლამისტი კლერიკალია, თურქეთში დიდი გავლენა აქვს, ის ახლა აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს და ერდოღანის წინააღმდეგ მოძრაობის ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ფარული ჩანაწერების გავრცელებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.

თურქეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის 30 მარტს გაიმართება.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები