ჰესის მშენებლობა

ღურტის მოსახლეობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

სოფელ ღურტის მოსახლეობა 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სწორედ ელოშვილმა გასცა ბრძანება, ფიზიკურად გასწორებოდნენ მოსახლეობას. ხუთი სოფლის წარმომადგენლები სოფლის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანასა და სამუშაოების დაწყებასაც აპროტესტებენ. მათი თქმით, აჭარის მთავრობას და ადგილობრივებს შორის მოქმედებდა შეთანხმება - ვიდრე ხელისუფლება მოსახლეობასთან კონტრაქტს არ გააფორმებდა, სამუშაოები არ უნდა დაწყებულიყო.

საქართველოს ენერგეტიკის მინიტრის კახა კალაძის თქმით კი, მოსახლეობასთან მოლაპარაკება დასრულებულია და პირობის თანახმად, მათი მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულია.

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის მიერ დაგეგმილი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენებას ორი დღის განმავლობაში აპროტესტებდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ გვირაბის მშენებლობა მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებლობაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

8 მარტს, ღურტის მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილის დათვალიერების საშუალება არ მისცა. სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰესის მშენებლობის ადგილზე მორიგეობა ჰქონდათ გამოცხადებული და იქ მთავრობას ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერია და გზა გახსნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ტერიტორიის დათვალიერება, თუმცა პოლიციის ჩარევასთან ერთად სიტუაცია გამძაფრდა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი პოლიციამ დაარბია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ისინი დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

კომენტარები