აჭარის პროკურატურა

აჭარის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით, ადვოკატი დააკავა

facebook.com/OfficialPOG

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი გოჩა ფაშალიშვილი და მოქალაქე გურამ ჭაღალიძე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, 2014 წლის მარტის თვეში, გურამ ჭაღალიძემ შეიტყო, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა გენადი გაბაიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით.

"მოქალაქე გურამ ჭაღალიძემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ შეძლებდა საპატიმრო სასჯელის გარეშე გენადი გაბაიძის საქმის დასრულებას, რაშიც მას დაეხმარებოდა მისი ნაცნობი პროკურორი გოჩა (ბადრი) ფაშალიშვილი. ფაშალიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ადვოკატი, მოტყუებით დაზარალებულებს თავი გააცნო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორად და დაარწმუნა ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრები, რომ მისი მეშვეობით პროკურატურასთან მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით სასჯელზე. ამის სანაცვლოდ, მათ დაზარალებულს გამოართვეს 1000 ლარი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები