ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი

საკრებულომ ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

timer.ge

საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი შენობების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს ძველი თბილისის რეაბილიტაციას. საკრებულოში განმარტავენ, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს ხელი.

"ჩვენ ძველი შენობების დემონტაჟს ვაპირებთ, მალე დავასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას. სამუშაოები კი, დაახლოებით 4 თვეში დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო იქნება თქვენთვის", - აცხადებს სალიმ უმაიდ საიფი.

კომპანია ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებისთვის 600 მილიონის დახარჯვას აპირებს.

პროექტი დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაამტკიცოს.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება ინიციატივას მხარს დაუჭერს, ახალი კორპუსების ასაშენებლად კონკრეტული სამუშაოები დაიწყება. მისი განცხადებით, მთავარი მიზანი ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ე.წ. ხრუშჩოვკების ადგილას კომფურტული სახოვრებელი სახლების აშენებაა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ყოველივე ეს ზაფხულისთვის უკვე კონკრეტულ მოქმედებასა და ნაბიჯებში აისახება.

კომენტარები