დაძაბულობა ყირიმში

იანუკოვიჩი: მე ვრჩები უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად

Viktor Yanukovych

მე ვრჩები არა მხოლოდ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ უმაღლეს მთავარსარდლად, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა.

პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში ულტრანაციონალისტებისა და ფაშიტების ბანდები მოქმედებენ, რომელთა მიზანიც ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებაა.

მისი განცხადებით, ის არსად არ გაქცეულა და მის წინააღმდეგ ტერაქტების სერია იგეგმებოდა.

”სახელმწიფო გადატრიალების დროს მე უკრაინის ტერიტორია არ დამიტოვებია. მაგ დღეებში ჩემ წინააღმდეგ ტერორისტული მოქმედებები იგეგმებოდა. როგორც კი საშუალება მომეცემა, მე კიევში დავბრუნდები”, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

იანუკოვიჩი აშშ-ს მოუწოდებს, არ დაეხმაროს უკრაინის არალეგიტიმურ მთავრობას. მისი თქმით, ერთმილიარდდოლარიანი დახმარება უკანონოა და მისი მიღების უფლება ხელისუფლებაში მოსულ ფაშისტებს არ აქვთ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმური და უკანონო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ უდანაშაულო მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის გამო, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები