საქართველოს ეკონომიკა

გოგი თოფაძე: იმპორტიორების თარეში უნდა შეწყდეს

Gogi Topadze
Tabula

გოგი თოფაძისა და ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების ინიციატივით პარლამენტში შედის კანონპროექტი იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათიანი გადახდის პირობების გაუქმების ინიციატივით.

იმპორტულ საქონელზე საგადასახადო შეღავათი გამოიხატებოდა იმაში, რომ ბიზნესმენს ეძლეოდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადავადების საშუალება. ანუ, თუ ხდებოდა საქონლის იმპორტი საქართველოში, დამატებითი 18%-ის (დღგ განაკვეთი) გადახდა ბიზნესს შეეძლო გადაევადებინა რამდენმე თვით. შედეგად გამოთავისუფლებული ფული საშუალებას აძლევდა ბიზნესს განვითარებულიყო და დამატებითი ინვესტიციები გაეკეთებინა.

ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი თოფაძის, აზრით არსებული შეღავათები იმპორტიორსა და ადგილობრივ მეწარმეს არათანაბარ პირობებში აყენებენ.

იმ შემთხვევაში თუ ქარხანა შეიძენს თამბაქოს თურქეთში ან ბულგარეთში, მას შეუძლია რამდენიმე თვის დაგვიანებით გადაიხადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი, როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეულის შეძენის შემთხვევაში, ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მყისიერად უწევს. რეალურად, სახელმწიფო იმპორტიორს აძლევს მოკლევადიან უპროცენტო სესხს - აცხადებს თოფაძე ტაბულასთან საუბარში.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის, შეფასებით საგადასახადო კოდექსში ხშირი ცვლილებები ქმნის არასტაბილურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. ეს თავისთავად უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ის, რომ მთავრობას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის წესების შეცვლა და საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანა, ბიზნეს გარემოს არასტაბილურს ხდის. ეს კი, თავის მხრივ, აზარალებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წარმოებებს.

მრეწველების ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და ბიზნესმენი, ფადი ასლი:""თანასწორობის" ეგიდით კანონის შეცვლა და დიდი ბიზნესის დავალდებულება, რომ საბაჟოზე გადაიხადონ მათი დღგ, არის სრულიად იდიოტური, კონტრპროდუქტიული და არის სიმპტომი თქვენი, ჯერ კიდევ დარჩენილი, კომუნისტური რეფლექსებისა: "თუ ყველას არ შეუძლია იყოს მდიდარი, მოდით ყველა გავაღარიბოთ"! დიდი ბიზნესის იძულება გადაიხადოს დღგ საბაჟოზე ამოტუმბავს მიმოქცევიდან ძალიან დიდ თანხებს, რომლებიც ეკონომიკაში ინვესტირების ნაცვლად აღმოჩნდება სახელმწიფო ხაზინაში; აღნიშნული კანონმდებლობა გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას და მრავალი კომპანიის გაღატაკებას. თუ თქვენი განზრახვა არის ის, რომ ნამდვილად შექმნათ თანაბარი სათამაშო პირობები ბიზნესებს შორის, მაშინ თქვენ შეცვლით კანონმდებლობას ისე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს შეეძლოთ იგივე შეღავათებით სარგებლობა, რომლებიც გააჩნია დიდ ბიზნესს. ნაბიჯ ნაბიჯ, კანონმდებლობით კანონმდებლობის შემდეგ თქვენი მთავრობა ანგრევს ბიზნეს გარემოს და როდესაც ადამიანები გამოვლენ ქუჩაში, გთხოვთ, ნუ დადანაშაულებთ ნურავის, საკუთარი თავის გარდა"

„არავითარი ზარალი არ მიადგება. ზარალი ადგებოდა ადგილობრივ მეწარმეს და ეს აღარ იქნება, გათანასწორდება და ის იმპორტიორების თარეში, რომელიც იყო საქართველოში მრავალი წლების მანძილზე, უნდა შეწყდეს. ადგილობრივი წარმოების პირობები უნდა გაუსწორდეს და მერე გამოჩნდება ვინ უფრო კარგად მუშაობს" - განაცხადა ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ.

ზურაბ ჯაფარიძე თანასწორობის აღდგენის გზად ადგილობრივი ბიზნესებისთვისაც შეღავათიანი გადახდის პირობების დაწესებას ხედავს და არა უკვე არსებული შეღავათების გაუქმებას. უფრო მარტივი და ეფექტიანი გზა იქნება ყველა ჯგუფს გაუმარტივდეს დღგ-ს გადახდის წესი და არა ის, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც უკვე გამარტივებული აქვს, ჩამოერთვას ეს „პრივილეგია" - განუცხადა ჯაფარიძემ ტაბულას.

ნაციონალური მოძრაობის წევრის შეფასებას გოგი თოფაძე მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს საკითხი უკვე უმცირესობამ უნდა დააყენოს პარლამენტის წინაშე და საკითხი უნდა შეთანხმდეს ფინანსთა სამინისტროსთანაც.

მისივე თქმით, მრეწველების ინიციატივა უკვე მიღებულია და განხილვას წინ არაფერი დაუდგება.

 

კომენტარები