გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმეზე, მერაბიშვილს, ახალაიას და მელნიკოვს ბრალდებები დაუზუსტდათ

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესუალურ მოქმედებების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ საქმეზე ბრალდებულებს - ი.მერაბიშვილს, დ.ახალაიას და ო.მელნიკოვს, ბრალდებულად ყოფნის ვადიდან გამომდინარე ბრალდებები დაუზუსტდათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიას და მელნიკოვს საქმეზე ბრალი  ორ დამოუკიდებელ ეპიზოდზე (გირგვლიანის და ვ.აბულაშვილის) აქვთ წარდგენილი.

"დათა ახალაიას ბრალი ედება ს.გირგვლიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებითაა გათვალისწინებული.

ივანე მერაბიშვილს ბრალი ედება ს.გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით. ოლეგ მელნიკოვს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სანდრო გირგვლიანის, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდები) ედება ბრალი, დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 333-ე მუხლებით არის გათვალისწინებული," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს კი ბრალი მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ. აღნიშნულ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე და 333-ე მუხლები ითვალისწინებს.

სასამართლოში აღნიშნულ ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა 12 მარტს წარიმართება. რაც შეეხება უშუალოდ ოქროყანის სასაფლაოს ეპიზოდს, სანდრო გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, რომლის შედეგების შესახებ მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებას დამატებით აცნობებს ".
ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით," - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები