ფინანსური მონიტორინგის სამსახური

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარება

ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის ზედამხედველობის პირობებში ნაკლებად ეფექტური და ოპერატიულია. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებას უზრუნველყოფს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროსადმი დაქვემდებარება ფინანსთა მინისტრს მოსწონს. ნოდარ ხადურის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია, რომელიც ახლახანს ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც მონიტორინგის სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობის წინაშე გახდა ანგარიშვალდებული.

ფინანსთა მინისტრის არგუმენტს არ ეთანხმება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. რომან გოცირიძის თქმით, კანონში ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, სამსახური მართლაც გახდა ანგარიშვალდებული მთავრობის მიმართ. თუმცა, აღნიშნული ცვლილება მონიტორინგის სამსახურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის საფუძველი არ შეიძლება იყოს. რომან გოცირიძის აზრით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს, რათა მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას.

”მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება”, -ამბობს ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი. თუმცა, მთავრობასთან კონსულტაციებამდე გიორგი ქადაგიძე საკუთარი არგუმენტების დასახელებისგან თავს იკავებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. კანონმდებლობის მიხედვით, ის დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არცერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს არ ექვემდებარება. უფლებამოსილების განხორციელებისათვის მონიტორინგის სამსახურს საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით  ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. სამსახურის უფროსი 4 წლის ვადით სწორედ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ ინიშნება. თუ ახალი  საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა, ყველა ამ ფუნქციას ფინანსთა სამინისტრო შეითავსებს. 

კომენტარები