კანონის უზენაესობა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 31-ე ადგილს იკავებს

ორგანიზაციამ - მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი - კანონის უზენაესობის 2014 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო 99 ქვეყანას შორის 31-ე ადგილს იკავებს. ხოლო, რეგიონის 13 ქვეყანიდან, სადაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია გაერთიანებული - ლიდერობს. საქართველო მაკედონიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას უსწრებს. 

სფეროების მიხედვით საქართველოს საუკეთესო პირადი შედეგი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, სადაც 99 ქვეყანას შორის მე-17 ადგილს იკავებს. კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით საქართველო 24-ე ადგილზეა. გამოკითხვის თანახმად, პოლიციისთვის ქრთამის გადაცემის არცერთი ფაქტი არ არის აღნიშნული. საპარლამენტო უმცირესობა რეგიონის მასშტაბით საქართველოს დაწინაურებას მეთოდოლოგიას უკავშირებს. შეიცვალა იმ რეგიონული ჯგუფის კომპოზიცია, რომელშიც საქართველოა მოქცეული. 

გაცილებით რთული ვითარებაა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კუთხით. საქართველო ფუნდამენტური უფლებების დაცულობის თვალსაზრისით 51-ე ადგილზეა წარმოდგენილი; მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის მონაცემებით, საქართველო 55-ე პოზიციას იკავებს; საქართველო ვერც ღია მმართველობის თვალსაზრისით არის მოწინავე პოზიციაზე და 43-ე ადგილზეა; სისხლის სამართლის  მართლმსაჯულების თვალსაზრისით საქართველო 36-ე ადგილზეა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაპირებას იძლევა, რომ მომავალ წელს საქართველო დაწინაურდება.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ და 21-მა სხვა წამყვანმა ორგანიზაციამ დააფუძნეს. მისი მიზანი მსოფლიო მასშტაბით სამართლის უზენაესობის განმტკიცებაა. კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ორი სახის რესურსს - კვალიფიციურ რესპონდენტთა და მოსახლეობის გამოკითხვას მოიცავს. ორგანიზაცია პოტენციურ რესპონდენტებს იურიდიული ფირმებიდან და  არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არჩევს.

2014 წლის კვლევის მიხედვით, პირველ პოზიციას დანია იკავებს, მას მოსდევს ნორვეგია და შვედეთი. უკანასკნელ ადგილებზე ზიმბაბვე, ავღანეთი და ვენესუელა არიან. რეგიონში ბოლო ადგილი კი რუსეთს უკავია. მსოფლიო ინდექსით რუსეთის ფედერაცია 99 ქვეყანას შორის მე-80-ა. 

 

 




კომენტარები