თბილისის გზები

მერია: ქალაქში მიმდინარეობს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

Wikipedia

თბილისის მერია საქართველოს პრემიერს პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობა მერიის საბოტაჟად შეაფასა.

"საკრებულოს უმრავლესობამ, მიუხედავად მერიის არაერთი მცდელობისა, დაემტკიცებინა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი, ოთხი თვის განმავლობაში მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ დაამტკიცა, რამაც ქალაქში არაერთი პროექტის შეჩერება გამოიწვია. თბილისის მერია არ აპირებს პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდეს პრემიერთან და ქართულ ოცნებასთან. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში და ყველგან მტრები და საბოტაჟი დაინახოთ. ჩვენ კი თბილისელების პრობლემები გვაწუხებს და მათ გადაჭრაზე ვზრუნავთ. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ზამთარში, ძლიერი ყინვების გამო, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამად ერთდროულად რამდენიმე ათეულ ქუჩაზე მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციითვე, გასულ წელს, თბილისში 30 მლნ ლარის სამუშაოები ჩატარდა. კაპიტალურად შეკეთდა 97 ქუჩა და ორმოული სამუშაოები 300 ქუჩაზე განხორციელდა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.

პრემიერის ვარაუდით,  თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ, მას ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.

"პირველი დავალება, რასაც ნარმანიას თბილისელები მისცემენ, გზების შეკეთების დაუყოვნებლივ  დაწყება იქნება," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები