დათა ახალაიას საქმე

დათა ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიას და სოსო თოფურიძეს პოლიციელების ცემის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა.

აღნიშნული პირები დამნაშავეებად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ცნეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

დათა ახალაია 143-ე მუხლში, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, გამართლდა.

ახალაიას თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის შესაბამისად, ეს ვადა შემცირდა და 3 წლითა და 9 თვით განისაზღვრა. ამასთან, ახალაიას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება  1 წლით და 6 თვის ვადით  ჩამოერთვა.

საქმე ეხება 2005 წელს მომხდარ ფაქტს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასამართლომ დღეს ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ  ცნო  იმ ქმედებისთვის, რაც მათ  2005 წლის 5 იანვარს განახორციელეს. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ ქმედებისთვის, რომ თითქოს მათ ერთ- ერთ რესტორანში თაკო სალაყაიას, ივანე მერაბიშვილის მეუღლეს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც სრული აბსურდი იყო. სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ჩვენ ველოდებოდით, რადგან ჩვენ წარმოვადგინეთ ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლომ  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა“,- აცხადებს პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი.

ადვოკატები კი, გამამტყუნებელი განაჩენის სააპელაციო წესით  გასაჩივრებას გეგმავენ.

„სასამართლომ დავით ახალაია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ.  გუშინ რომ არ გამოტანილიყო უკანონო დადგენილება დავით ახალაიას ბრალდების  შესახებ ნავთლუღის საქმეზე, დარწმუნებული ვარ, 333-ე მუხლშიც დავით ახალაიას მიმართ დადგენილი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა მთავარში იგი გამართლდა. ახალაია უდანაშაულოა ყველა ბრალდებაში და თქვენ ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით“,-აცხადებს ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, არაერთგზის ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით".

უწყების განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ამ ეტაპზე დაუდგენელმა სხვა პირებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან „ძველ სახლში“ თაკო სალაყაიასთან მომხდარი უსიამოვნების გამო, სასტიკად სცემეს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი მალხაზ აზარაშვილი და შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსი ზაზა მესხი.

გამოძიება მიმდინარეობდა 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით. დავით ახალაიას ასევე წარდგენილი ჰქონდა ბრალდება 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

სასამართლომ დ. ახალაია ამ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, რა ნაწილშიც პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

მსჯავრდებულები დავით ახალაია, იოსებ თოფურიძე და გერონტი ალანია იმყოფებიან მიმალვაში და მათზე გამოცხადებულია ძებნა, ხოლო ოლეგ მელნიკოვი სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში მოიხდის. 

კომენტარები