ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი

უგრეხელიძე საკრებულოსგან ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტზე ინფორმაციას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: ipn.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. უგრეხელიძემ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურში აცხადებენ. 

„თბილისის მერიისთვის მედიის საშუალებით ცნობილი გახდა ინფორმაცია თბილისის საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელიც თბილისში ე.წ. „ხრუშოვკების“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მათი ცნობით, პროექტის შესახებ მერიის არცერთი შესაბამისი სამსახური ინფორმირებული არ არის.

„თბილისის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას მიესალმება და მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისელების კეთილდღეობის მიზნით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოსთან ითანამშრომლოს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი შენობების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც გულისხმობს. როგორც საკრებულოში განმარტეს, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები