საყდრისი

RMG gold-ი საყდრისში სამუშაოებს განაახლებს

news.ge

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება უკვე მისცა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მასალებს ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა. სააგენტოს თავმჯდომარის ნიკა ანთიძის განცხადებით, 4000 წლის წინ საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

”საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მითებზე დაყრდნობით, არც ერთის მხრივ 3000 ოჯახს შევუქმნათ მატერიალური პრობლემები, დავტოვოთ ულუკმაპუროდ, მეორეს მხრივ, სახელმწიფო დავაყენოთ რისკის ქვეშ.

შესაბამისად, დადებითი დასკვნა სამუშაოების განახლებაზე უკვე გაიგზავნა ინვესტორთან. ეს დასკვნა გაცემულია იმ პირობით, რომ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტებს, სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, იმ სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელონ”, - აცხადებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი.

ალექსანდრე მარგიშვილისა და ნიკა ანთიძის ამ განცხადებებს პრესკონფერენციის მსვლელობისას პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის უვადო შიმშილობას იწყებს  მანამდე, ვიდრე საერთაშორისო კომისია არ შეიქმნება. საერთაშორისო კომისიის შექმნას მეცნიერთა ნაწილიც ითხოვს. ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ. მეცნიერების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას იწვევს. 

ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG Gold-ის  ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტას" და ძეგლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით RMG Gold-ს  გაფრთხილება მისცა. სააგენტომ კომპანიას მოუწოდა, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეეჩერებინა. ამასთან, მათივე ცნობით, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დადგენილი წესით დაეკისრებოდა.

RMG Gold-ი კი აცხადებდა, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა. 

კომენტარები