საყდრისი

საია კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას საყდრისის თემაზე უარყოფითად აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ RMG Gold-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას უარყოფითად აფასებს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საია-ს ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რომელი კვლევით იხელმძღვანელა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღების დროს.

"როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნის არარსებობის პირობებში, მაშინ როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იზიარებდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციას საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ საერთაშორისო ექპსერტთა დასკვნის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამ დროისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რამ გამოწვია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის ცვლილება. გადაწყვეტილების დაჩქარებულად მიღება სამინისტროს ობიექტურობასთან დაკავშირებით მთელ რიგ კითხვებს აჩენს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მასშტაბის ექსერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია უახლოეს პერიოდში განახორციელებს. გაუგებარია, თუ როგორ ჩატარდება და რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული მონიტორინგი იმ პირობებში, როდესაც კომპანიას უფლება ეძლევა აწარმოოს ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ სამინისტროს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მიღება უნდა დაფუძნებულიყო წინასწარ ჩატარებული საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს უშუალოდ ოქროს მოპოვების პროცესში განხორცილებული მონიტორინგი", - აცხადებს საია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. სააგენტოს თავმჯდომარის ნიკა ანთიძის განცხადებით, 4000 წლის წინ საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

"არ გვაქვს უფლება, მითებზე დაყრდნობით 3 000 ოჯახს პრობლემა შევუქმნათ. დასკვნა გაგზავნილია ინვესტორთან, გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება", - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა.

კომენტარები