პახუხი პრემიერის ბრალდებებზე

თემურ ალასანია ღარიბაშვილს უჩივლებს

cp.ge

გაერო-ს განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ თემურ ალასანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

"ალბათ დააკვირდით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზოგიერთ წყაროში მიდის რაღაც გამიზნული კამპანია ჩემი სახელის შებღალვისთვის, მისი პრესტიჟის გასატეხად და ა.შ... როდესაც ამ ცილისწამებაში ჩაბმულები იყვნენ ვიღაც არშემდგარი, ხელმოცარული, ნახევრადჩამოყალიბებული, ინფანტილური პიროვნებები, ამის იგნორირება შეიძლებოდა", - განაცხადა ალასანიამ.

თუმცა, როდესაც ამ კამპანიაში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მისი თქმით, ამაზე რეაგირება აუცილებელია, ვინაიდან მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ამგვარ განცხადებებს „ბრალდებები და ცილისწამება სხვა ხარისხში გადაჰყავს".

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ თემურ ალასანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, "კა-გე-ბე-ს ყოფილი პოლკოვნიკია და ამ სფეროში, ხომ იცით, ყოფილები არ არსებობენ".

თემურ ალასანიამ ასევე ცილისწამება უწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს იგი იარაღის ბიზნესში მონაწილეობდა.

რაც შეეხება კიევში ვიზიტს, ალასანიას თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილს კერძო პირის სტატუსით ახლდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაში არასდროს ჩარეულა და მისთვის არც რჩევები მიუცია. 

 

კომენტარები