დათა ახალაიას საქმე

პროკურატურა დათა ახალაიას ადვოკატის განცხადებას პასუხობს

პროკურატურა  დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თემურ დოლიძე აცხადებს,  პროკურატურა ახალაიას ადვოკატს დაუკავშირდა, რათა მისთვის კანონის დაცვით ბრალდების მტკიცებულებები გადაეცა, თუმცა ადვოკატი გუშინ უწყებაში მოუცლელობის გამო  არ გამოცხადდა.

„პროცესუალურად ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს უნდა გადასცეს მტკიცებულებები შუამდგომლობის შეტანამდე, რაზეც დაცვის მხარემ მოუცლელობის გამო უარი განაცხადა პროკურატურაში მოსვლაზე. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით, მტკიცებულებები სახაზინო  ადვოკატს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც დავუკავშირდით ირაკლი ზაქარეიშვილს და მასაც შევთავაზეთ, თუ იგი მოიცლიდა, მობრძანებულიყო და მასაც მიეღო მტკიცებულებები, იგი სრულიად უსაფუძვლოდ მასმედიის სხვადასხვა საშუალებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.

დღეს ზაქარეიშვილი დაბარებულია და მოვა. გუშინ დაიბარეს და არ მცალიაო, ჩემი სამუშაო საათები ჩემი  დასრულებულიაო და არ მოვიდა, კანონი მოითხოვდა, რომ საქმე უნდა გადაცემულიყო დაცვის მხარისთვის. დღეს მასაც გადაეცემა, თუ მას სურს, რომ მიიღოს მტკიცებულებები“,-აცხადებს დოლიძე.

ადვოკატმა  ირაკლი ზაქარეიშვილმა  განაცხადა, რომ პროკურატურამ დათა  ახალაიას საქმეს, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციას ეხება, ის ხელოვნურად ჩამოაშორა. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო და საქმის მასალები მას გადასცა.

„მე შემითანხმდა პროკურორი გუშინ და მითხრა, რომ ვერ მომცემდა მასალებს. გუშინ საღამოს 21:00 საათზე პროკურორი კვლავ დამიკავშირდა და მითხრა, მივსულიყავი ქალაქის პროკურატურაში და გადმომეცემოდა მასალები, რაზეც მე ვუთხარი, რომ სამუშაო საათები დასრულებულია, გვიანი საღამოა, მრავალტომიანი საქმეა,   ამის განხორციელება შეუძლებელია ღამის საათებში და დილის საათებში, როდესაც მეტყოდნენ, მივიდოდი. თუმცა, მათ სასწრაფო წესით, დილის 06:00 საათზე სახაზინო ადვოკატი ჩართეს საქმეში და მას გადასცეს მასალები. ეს მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება.  მტკიცებულებები პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ არ გააჩნია“,-აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს სამი ახალგაზრდა - მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე".

შეგახსენებთ, რომ გუშინ დათა ახალაიას პოლიციელების ცემის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები