თბილისის საკრებულო

ხუროშვილი: შიხიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას

pirveliradio.ge

საბურთალოს რაიონის გამგებლი გია ხუროშვილი თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და  საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელის მიხეილ ქავთარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ხუროშვილის  თქმით, ისინი საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებენ. გამგებლის განმარტებით, მათი მხრიდან დოკუმენტების გაყალბებაზეა საუბარი.

ხუროშვილმა დღეს გამართულ  ბრიფინგზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, მიხეილ ქავთარაძე კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომებს აღიარებს.

„ბატონი ქავთარაძე ადასტურებს, რომ ნაცვლად გამგეობისა, მან  სტამბის ანგარიში შეამოწმა  და შესაბამისად ამ შპს-ს შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობაში დღეის მდგომარეობით არანაირ დარღვევა არაა. თუმცა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მაინც თვლის, რომ გია ხუროშვილი უნდა გადადგეს. მივმართავ მთავარ პროკურატურას, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია, არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ შიხიაშვილისა და ქავთარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს“,-განაცხადა ხუროშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე  დღის წინ საბურთალოს რაიონის გამგეობაში არსებული სათათბიროს 10-მდე წევრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხეს. შეკითხვები, ძირითადად, წახალისების სახით აღებულ თანხებსა და სათათბიროს შექმნის მიზეზებს შეეხებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  გიორგი გრძელიშვილმა განმარტა, რომ სათათბიროს წევრები საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაიკითხნენ. 

კომენტარები