ფარული მიყურადება

ისევ გვისმენენ!

რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა განაახლა კამპანია „ეს შენ გეხება" ახალი სლოგანით „ისევ გვისმენენ".

აღნიშნული კამპანიის დაწყება მტკივნეულად აღიქვა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მყისერად უპასუხა მათ, „ვისაც უსმენენ" და ისინი სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

უკვე მერამდენედ გვესმის, რომ თუ აკრიტიკებ ე.ი. დისკრედიტაციის მიზანი გამოძრავებს. ამიტომ არ უნდა აკრიტიკო. თუ აკრიტიკებ ე.ი. მათთან არ ხარ, ხოლო თუ მათთან არ ხარ, მათი მტერი ხარ. ასე სხვებსაც უფიქრიათ, თუმცა ყველამ წააგო. ეს ისე, ამაზეც რომ იფიქროთ.

სამინისტრო, რომელსაც უდავოდ იმაზე მაღალი ცნობადობა (და ალბათ ნდობაც) აქვს ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეეცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ უკანონო მოსმენები აღარ ხდება. ახალი ხელისუფალი ამას არ იკადრებს. იმიტომ კი არა, რომ არ შეუძლია, უბრალოდ ძველზე წესიერია. ჩემთვის ღიმილისმომგვრელად, თუმცა რიგითი, საკითხში გაუცნობიერებელი მოქალაქისათვის დამაჯერებლად, გამოიყურებოდა არგუმენტი, „დაგვიმტკიცეთ რომ გისმენთ" და თუ ვერ ამტკიცებთ ნუ ლაპარაკობთ. ისე „ნუ ბაზრობთ" უფრო მოუხდებოდა ამ შემთხვევას. კონტექსტი ასეთი იყო: „რასაც ვერ ამტკიცებ ნუ ბაზრობ ძმაო".

აუცილებელია საზოგადოებამ კარგად (და სწორად) აღიქვას, თუ სად ირღვევა მისი უფლებები. „უკანონო მოსმენა" არ უნდა გავაიგივოთ ფარული მიყურადების ფიზიკურად განხორციელებულ ფაქტთან, სადაც იმ უვარგისი კანონის ნორმათა დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი ქვია.

როდესაც ვამბობთ რომ „ისევ გვისმენენ", ნიშნავს რომ უკანონოდ გვისმენენ. უკანონობა ხშირად არ ნიშნავს, ვიწრო გაგებით კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებას. მოქმედება ფორმალურად კანონშესაბამისია, მაგრამ თავად ეს კანონია უკანონო. საქართველოში მოქმედი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი" თავად არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის მთავარი საფრთხე. აღნიშნული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებათა სფეროში.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში ფუძემდებლური ხასიათისაა, სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, სადაც მოქალაქეს ექნება საშუალება დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებსა და თავისუფლებებში უკანონო და არათანაზომიერი ჩარევისაგან, ნათლად იყოს გაწერილი ის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იჭრება ადამიანის კერძო სივრცეში, არსებობდეს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები თითოეული ასეთი ფაქტის სასამართლო წესით გადასამოწმებლად და დარღვეული უფლების დასაცავად.

ფარული მიყურადების საფუძველი

ფარული მიყურადების საფუძველი მოქმედი კანონის ფარგლებში შესაძლოა მხოლოდ ოპერატიული მუშაკის პატაკი იყოს, რომლის შინაარსის ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია. საკმარისია თითოეულ ჩვენგანის შესახებ ოპერატიულმა მუშაკმა შეადგინოს პატაკი, რომ მას თითქოსდა მისმა „კონფიდენტმა" აცნობა, რომ ჩვენ ვაპირებთ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას, კანონი იძლევა საშუალებას „მოგვისმინონ". არის თუ არა ეს ჩვენი უფლების დარვევა? არის თუ არა ეს უკანონო? რა თქმა უნდა არის და ამიტომაც ვამბობთ, რომ გვისმენენ უკანონოდ.

სასამართლო და მიყურადების „კანონიერება"

მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს არ უდგენს მკაცრ ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაში უნდა დართოს ნება ოპერატიულ სამსახურს ჩვენს ფარულ მიყურადებაზე. ერთადერთი მოთხოვნა, რასაც კანონმდებლობა სასამართლოს უწესებს, იმის შემოწმებაა, რომ დანაშაული რომლის შესახებაც დაწყებულია ძიება 2 წელზე მეტი ვადით ითვალისწინებდეს თავისუფლების აღკვეთას. ასეთ დანაშაულს კი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლთა სრული უმრავლესობა ასახავს. შესაბამისად, კანონი ისეთ დანაშაულზეც კი ითვალისწინებს ფარული მიყურადების შესაძლებლობას, როგორიცაა „მიწის გაუვარგისება". ეს ჩვენს ღირსებას ლახავს. არის თუ არა ეს ჩვენი უფლებების დარღვევა? გვისმენენ თუ არა უკანონოდ? რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა გვისმენენ.

როგორ დავიცვა საკუთარი უფლება?

ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, არავინ ჩაერიოს ჩვენს პირად ცხოვრებაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. როდესაც ჩვენზე ფარული მიყურადება ხორციელდება, ეს ჩვენს კერძო სივრცეში შემოჭრაა. ეს კი გვიჩენს ლეგიტიმურ მოთხოვნას, ვიცოდეთ როდის შემოიჭრა სახელმწიფო ჩვენს სივრცეში, რა მოტივით და რამდენად კანონიერად. აბსოლუტურად გასაგებია, რომ უტოპიური იქნებოდა სახელმწიფოს მოვთხოვოთ დაუყოვნებლივ გვაცნობის ჩვენზე ფარული მიყურადების დაწყების შესახებ, მაგრამ როდესაც ოპერატიული მოქმედება ან გამოძიება დასრულდება და ინფორმაციის გასაჯაროება არ დააზიანებს გამოძიების ინტერესს, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ, გვისმენდნენ თუ არა და გადავამოწმოთ იყო თუ არა ეს მოსმენა კანონიერი. დღეს ამის საშუალება არ გვაქვს. არის თუ არა ეს ჩვენი უფლებების დარღვევა? გვისმენენ თუ არა უკანონოდ? რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა გვისმენენ.

მართოს კანონმა და არა ადამიანმა

როდესაც ვამბობთ რომ უკანონოდ გვისმენენ, ვგულისხმობთ იმას, რომ გვისმენენ სასამართლო ბრძანების გარეშეც. მავანი იტყვის, რომ ეს ტყუილია. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე ამაში მჭირდება დარწმუნება. მე უფრო ვენდობი სისტემის გამართულობას და ვიდრე ადამიანთა კეთილშობილებას. სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ სასამართლო ბრძანება ჩვენს მოსასმენად იმავე პირმა უნდა მოიპოვოს და ჩადოს საქაღალდეში, რომელიც მეორე ხელით საკუთარ ყურზე ჩვენს მოსასმენ მოწყობილობას იმაგრებს. არ მჯერა რომ ის ყოველთვის დახარჯავს დროს სასამართლოში სამოგზაუროდ. ეჭვიანი ვარ. არ ვენდობი ხელისუფალს.

ამიტომ აუცილებელია, პირი ვინც გვისმენს და პირი ვინც ჩვენს საქმეს იძიებს, არ იყოს ერთი და იმავე უწყების „შვილი". სანამ ეს არ მოხდება მე ჩავთვლით, რომ უკანონოდ გვისმენენ.

მონიტორინგი

სასამართლო ბრძანების ან საგამონაკლისოდ პორკურორის დადგენილების გარეშე მოსმენა უნდა იყოს შეუძლებელი, თუმცა ამას სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს და არა ადამიანთა კეთილი ნება. როდესაც ამბობენ, რომ არ გისმენთ, აუცილებელია, რომ ამაში დაგვარწმუნონ. დაგვარწმუნონ სისტემის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას ან/და საკანონმდებლო ხელისუფლებას, შინაარსთან წვდომის გარეშე პერმამენტული მონიტორინგი გაუწიოს ფარული მიყურადების მწარმოებელ უწყებებს, რათა ვიცოდეთ რომ არ ხდება მიყურადება სასამართლო ბრძანების ან საგამონაკლისოდ პროკურორის დადგენილების გარეშე. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს მსგავსი სისტემის შექმნაზე, მე ყოველთვის ვიტყვი, რომ უკანონოდ გვისმენენ.

დასკვნის ნაცვლად

ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთა არსებობაც გვაშფოთებს და რომლის გამოც ვაცხადებთ, რომ ისევ გვისმენენ. როდესაც ვამობობთ რომ ისევ გვისმენენ, არ არის აუცილებელი წარმოვიდგინოთ ოპერმუშაკი ყურსასმენებით თავზე და დაძაბული მზერით, აქაოდა სიტყვა არ გამომრჩეს ამ მნიშვნელოვანი სატელეფონი საუბრიდანო, რომლის მოსასმენადაც ბრძანება არ აქვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინაც უკანონოდ გვისმენენ, როდესაც თითქოსდა კანონიერად ხდება ჩვენი ფარული მიყურადება.

და როცა ზემოთ დასმული კითხვების პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას გვპასუხობს, რომ არ გვისმენს, დიახ, მე მჯერა რომ „ისევ გვისმენენ".

კომენტარები