თბილისის გზები

უგრეხელიძე: თბილისელების კომფორტულად გადაადგილებისთვის ყველაფერი გაკეთდება

ipn.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დედაქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისელებმა გზებზე კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

„მოძრაობის ნაკადები უფრო თავისუფალი იქნება, აღარ იქნება საცობები და გაადვილდება ქალაქში გადაადგილება. რაც შეეხება პატარა ორმოების ამოვსებას, ამას ჩვენ ვცდილობთ და  დღის განმავლობაში  პატრულთან შეთანხმებით ვახერხებთ. მინდა თბილისის მოსახლეობას ვუთხრა, რომ  მათი კომფორტული მოძრაობისთვის ყველაფერი გაკეთდება. მითი საბოტაჟის შესახებ არის დიდი სიცრუე და პოლიტიკური აფიორა“,-აღნიშნა უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  თბილისის გზებზე არსებული  მდგომარეობა  დედაქალაქის მერიის საბოტაჟად შეაფასა. როგორც ღარიბაშვილმა 13 მარტს  მთავრობის  სხდომაზე თქვა, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.

აღნიშნულის შესახებ მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამად ერთდროულად რამდენიმე ათეულ ქუჩაზე მიმდინარეობს.

„ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ზამთარში, ძლიერი ყინვების გამო, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს",-წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები