რეფერენდუმი ყირიმში

ფანჯიკიძე: ჩვენი დამოკიდებულებით, ყირიმის რეფერენდუმზე, სხვებსაც ვაფრთხილებთ

Facebook / maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს. ამასთან, ფანჯიკიძეს ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა მსგავსი რეფერენდუმების ჩატარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მინისტრმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ყირიმის რეფერენდუმის მიმართ, გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას დააპირებს.

“ჩვენ, რასაკვირველია, არ ვაღიარებთ ამ რეფერენდუმს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, გარდა ამისა, ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ჩვენ ისევე, როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი, NATO, აშშ-ი და სხვა ქვეყნები პროტესტს ვაცხადებთ იმის გამო, რაც მოხდა ყირიმში. ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმის მიმართ არის ისეთი, როგორიც არის, ეს გარკვეულწილად უნდა იყოს გაფრთხილება სხვებისთვისაც, იმ შემთხვევაში, თუკი მოინდომებენ რაიმე სახის რეფერენდუმის ჩატარებას”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ "უწყება არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით".

ცნობისთვის, გუშინ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი ჩატარდა. ეგზითპოლის შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე მისული ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 

ყირიმის რეფერენდუმს უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი თვლის, რომ რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. მისივე თქმით, ის მომავალში პატივს სცემს ყირიმელი ხალხის სურვილებს.

ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს პასუხი უნდა გაეცათ ორ კითხვაზე - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

კომენტარები