რეფერენდუმი ყირიმში

პრეზიდენტი: უკიდურესად შეშფოთებული ვართ ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის გამო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა“, - ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რეფერენდუმს სამართლებრივი შედეგები არ შეიძლება ჰქონდეს. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

„ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები.

საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ "უწყება არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით".

ცნობისთვის, გუშინ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი ჩატარდა. ეგზითპოლის შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე მისული ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 

ყირიმის რეფერენდუმს უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი თვლის, რომ რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. მისივე თქმით, ის მომავალში პატივს სცემს ყირიმელი ხალხის სურვილებს.

ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს პასუხი უნდა გაეცათ ორ კითხვაზე - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

კომენტარები