საქართველოს ეკონომიკა

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია თბილისში

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენცია რედისონ ბლუ ივერიაში
Irakli Garibashvili Official

17 მარტს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიხსნა მსოფლიო საბაჟო ორგანიზციის კონფერენცია. კონფერენციას 52 ქვეყნის 100 წარმომადგენელი ესწრება სახელმწიფო და კერძო სექტორიდან.

ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში ფინანსთა მინისტრმა კონფერენციის მთავარი მიზნების შეჯამება გააკეთა. კონფერენციის მიმდინარეობისას სამუშაო რეჟიმში ხდება ახალი საბაჟო პოლიტიკის დრაფტის შემუშავება, ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის მზადება.

კონფერენციის ორგანიზება მოხდა საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ. ამავე კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ინფორმაციის გაცვლის თაობაზე. ორგანიზატორთა განცხადებით, ის, რომ კონფერენცია საქართველოში ტარდება, მონაწილეებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ საბაჟო პრაქტიკებს. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, კუნიო მიკურია, ნოდარ ხადურსაც შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს არსებული და დაგეგმილი რეფორმები საგასახადო და საბაჟო სისტემაში და საქართველოში საბაჟო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობები, რამაც გრძელვადიან პერიოდში თავისუფალ ვაჭრობას უნდა შეუწყოს ხელი. გენერალური მდივანი თავად ეწვია საბაჟო-გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდს" და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაკეთებული პროგრესი საბაჟო პროცესების წარმართვაში. 

ნოდარ ხადურის განცხადებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საგადასახადო სექტორში მოხდა სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დანერგვა. აქვე დაამატა, რომ საშემოსავლო სამსახურის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ბიზნესებთან კომუნიკაციის გაღრმავებაა, რათა საბაჟოს მომსახურება მიმართული იყოს ბიზნესის წარმოების გამარტივებისაკენ. 

კომენტარები